სუპერლიგის ნახევარფინალურ სერიაში, რომელშიც რუსთავი კავკასიას უპირისპირდება, სხვაობა შემცირდა. ქვემო ქართლის გუნდმა სერიის საწყისი 2 შეხვედრა – 6 და 7 მაისს რუსთავში მოიგო, რის შემდეგაც, თბილისში მორიგი მატჩი გამართა და ისე, რომ მოგების შანსი არ მისცემია, შეხვედრა დათმო 73:88 (სტატისტიკა) დათმო.
კავკასია მხოლოდ 2-ჯერ აგებდა – 2:3 და 4:6. პირველი პერიოდის შუაწელში ლიდერობა რომ მოიხელთა, ბექა წივწივაძის გაწვრთნილ გუნდს თამაშის ბოლომდე აღარაფერი გასჭირვებია. ანატოლი ბოისას გაწვრთნილ რუსთაველებს თამაში არ მისდიოდათ დაცვაში. თბილისური გუნდის მოთამაშეები ქულებს მეტოქეზე გაცილებით იოლად იხვეჭდნენ – იქნებოდა ეს შორი, საშუალო, თუ ახლო სროლები. განსაკუთრებით შედეგიანად კავკასიელები ფარქვეშ თამაშობდნენ. აიზია ელისი ოპონენტ მეფარეებს ჯაბნიდა, ხოლო ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, ორმელმაც 5-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, ფარქვეშ შესვლითაც შედეგიანად იხვეჭდა ქულებს.
კავკასიამ რუსთავზე ლამის 2-ჯერ მეტი ორქულიანი ჩააგდო: 31-16. სროლის სხვა კომპონენტში იმდენად მცირე იყო რუსთავის უპირატესობა, რომ საერთო სურათზე ეს არ ასახულა. დიდი შესვენებისთვის კავკასია 53:38 იგებდა და თუკი რუსთაველებს რამის შეცვლა სურდათ, მესამე პერიოდში უნდა ეყოჩაღათ. აღნიშნულ მეოთხედში სტუმრებმა 5 ქულა გააბათილეს და ბოლო ათწუთეულს იმ იმედით შეხვდნენ, რომ თამაშის დაძაბულ ფაზაში გადაყვანას შეძლებდნენ, მაგრამ არ გამოვიდა. კავკასიამ დაცვა გაამაგრა. შედეგად მეტოქემ მხოლოდ 9 ქულა მოინაგრა, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი არ იყო.
გამარჯვებულებს აიზია ელისმა 20 ქულით, 9 მოხსნით და 5 დაფარებით ულიდერა. 21 ქულა და 7 პასი კრის მაკნილის ანგარიშზეა. ჯასტინ ფორესტმა 10 პასი გასცა. რუსთავში 22 ქულით რევაზ როგავა გამოირჩა. 19 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი ლუკა ბულაშვილმა დააგროვა.
სერიაში ანგარიში რუსთაველებს მიჰყავთ – 2:1 და მომდევნო შეხვედრა ისევ თბილისი არენაზე, 11 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება.