სუპერლიგის პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კავკასიამ, რომელიც სუპერლიგაში პირველ სეზონს ატარებს, ქვეყნის საუკეთესო ოთხეულში მოხვდა. კავკასიელებს ისეთი ამბიცია აქვთ, მიღწეულზე გაჩერებას ნამდვილად არ აპირებენ და ვინძლო მეტსაც მიაღწიონ – წივწივაძის გუნდის მეტოქე რუსთავისა და გურჯაანის დელტას წყვილში გამოვლინდება, სადაც სერიის ანგარიში ჯერ 1:1-ია და მინიმუმ 28 აპრილამდე ნახევარფინალისტი ვერ გამოვლინდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კავკასიას მომავალი მეტად პრინციპული სერიისთვის მოსამზადებლად მეტოქეზე გაცილებით მეტი დრო ექნება.
ეს უპირატესობა კავკასიას იმან მოუტანა, რომ სერია ვადაზე ადრე, 3:1 მოიგო. სუპერლიგის დებიუტანტმა მეტოქე ბათუმს თბილისში მოგებ-წაგება გაუცვალა, ხოლო აჭარაში გუშინ და დღეს ზედიზედ 2 მატჩი მოიგო და ნახევარფინალის საგზური გაინაღდა. ეს გახლავთ პირველი შემთხვევა სუპერლიგაში, როცა ლიგის დებიუტანტი (“ა” ლიგიდან ამოსული გუნდი) ოთხეულში გადის.
სერიის მე-4 მატჩი, რომლის მოგებამაც კავკასიას ნახევარფინალის საგზური მოუტანა, ძალიან დაძაბული გამოდგა. მთელი თამაშის მანძილზე ანგარიშში სხვაობა 6 ქულას არ გასცილებია. უმეტესად თანაბარი ანგარიში იყო, ლიდერი კი 9-ჯერ შეიცვალა. ბათუმს დაუბრუნდა გუნდის ლიდერი კაილი რიდლი, რომელმაც წინა მატჩი გამოტოვა. რიდლი მთელი თამაშის მანძილზე აქტიური იყო და ყველაზე მეტი ქულაც მოიპოვა, თუმცა უმთავრესი, რითაც კავკასიამ მეტოქეს აჯობა, სტაბილურობა იყო. წივწივაძის გაწვრთნილი გუნდი ტემპში ჰყვებოდა ბათუმს, წინ გაჭრის საშუალებას არ აძლევდა და ბოლო ეპიზოდშიც სწორედ მეტოქეზე მეტად ყურადღებიანი თამაშის წყალობით მოიგო.
მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ჯორდან სეშენს ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, თუმცა ამერიკელმა ცენტრმა პირველი სროლა ააცილა და ბათუმი მცირე საოცრების იმედად დარჩა, რომელიც არ მოხდა და კავკასიამ თავის პირველ უმაღლესლიგურ სეზონში ოთხეული გაინაღდა – 84:82 (სტატისტიკა).
გამარჯვებულებს ილია ლონდარიძემ, აიზია ელისმა და კრის მაკნილმა ულიდერეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა 19 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. რაც შეეხებათ ამერიკელებს, ელისმა 20 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, მაკნილის ანგარიშზე კი 16 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. ბათუმში საუკეთესო იყო კაილი რიდლი, რომელმაც თავი 31 ქულას მოუყარა. 17 ქულა და 7 მოხსნით დაასრულა მატჩი და სეზონიც საბა ლობჯანიძემ და მასთან ერთად მთლიანად ბათუმმა.