კაკტუსმა ტიტები ბოლო წამებზე დაამარცხა

კაკტუსმა ტიტები ბოლო წამებზე დაამარცხა

სუპერლიგის მე-9 ტურის მორიგი შეხვედრა, რომელშიც “ტიტები” “კაკტუსს” შეხვდა, დაძაბულ და საინტერესო ბრძოლაში წარიმართა. მატჩის ბედი ბოლო წამებამდე გაურკვეველი იყო და ის საბოლოოდ კაკტუსელთა 2-ქულიანი გამარჯვებით – 69:67 დასრულდა. ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილმა “ტიტებმა” ზედიზედ მე-4 მატჩი წააგო და ნოემბრის დასაწყისში ლიდერთა შორის მყოფი ცხრილში მნიშვნელოვნად დაქვეითდა. “კაკტუსი” კი ამ გამარჯვებით სწორედ “ტიტებს” (და რუსთავს) გაუთანაბრდა და ისედაც დაძაბული მიმდინარე სუპერლიგის ცხრილმა კიდევ უფრო მჭიდრო სახე მიიღო.

პირველი პერიოდი ფრედ – 16:16 დასრულდა. თავად განსაჯეთ, ლიდერი 10-ჯერ შეიცვალა, ხოლო თანაბარი ანგარიში 9-ჯერ დაფიქსირდა. დიდი შესვენებისთვის კაკტუსელები 1 ქულით იგებდნენ, ხოლო მესამე პერიოდში მცირედით “ტიტებმა” იძალეს და ახალი ლეგიონერის, კორი სპენსის წინამძღოლობით 2-ქულიან ლიდერობას უწიეს – 54:52.

ბოლო მეოთხედშიც თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა. შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ლუკ მეიერის ზედიზედ ჩაგდებული 2 სამქულიანის წყალობით “ტიტები” 65:61 დაწინაურდა, რასაც კაკტუსელთა წუთშესვენება და კვლავ ბრძოლაში დაბრუნება მოჰყვა. ლევან ლოლიშვილისა და ლევან გოგალაძის შედეგიანობას ბრაიან ულიამსის ზუსტი გარღვევაც დაერთო და მატჩის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე უკვე “კაკტუსი” გალიდერდა – 68:67. 

“ტიტებს” თამაშის გადასარჩენად საკმარისი დრო ჰქონდა, თუმცა კორი სპენსმა ჯერ ორქულიანი ააცილა, ხოლო დაცვაში მოპოვებული ბურთის შემდეგ მანვე საფინალო სირენამდე 12 წამით ადრე სამქულიანი გააცუდა. ბურთი “კაკტუსის” ამერიკელმა ლეგიონერმა ჯასტინ ევერეტმა მოხსნა. “ტიტებს” მოგების იმედი ბესიკ ლეჟავას ტექნიკურების შემდეგ გადაეწურა, რომელიც გუნდის კაპიტანმა მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტების გამო მიიღო. ბრაიან უილიამსმა პირველი საჯარიმო ჩააგდო, მეორე კი ააცილა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 69:67.

კაკტუსელთაგან 23 ქულით ბომბარდირი ჯასტინ ევერეტი გახდა, ხოლო საუკეთესო შედეგი 19 ქულით, 10 მოხსნითა და 4 პასით ბრაიან უილიამსმა დააფიქსირა. 7 ქულა და 11 მოხსნა ზორან ვილოტიევიჩის ანგარიშზე დაგროვდა. “ტიტებში” 18 ქულით ახალწვეული კორი სპენსი გამოირჩა, ხოლო ტრისტინ უოლემ 12 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

ტიტები – კაკტუსი 
სტატისტიკა: 67:69