დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩიდან 1 უკვე დასრულდა. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა “კაკტუსმა” ერთობ პრინციპულ დაპირისპირებაში “ტიტებს” სძლია. მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჩინებულად ითამაშა ბოლო პერიოდამდე, თუმცა მატჩის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი ჩააგდო და საბოლოოდ 10 ქულის სხვაობით – 65:75 (სტატისტიკა) დამარცხდა.
არადა, “ტიტებმა” საკმაოდ რთული სიტუაციიდან დაიძვრინა თავი, როცა 5:19 ჩამორჩენილმა თამაში დაალაგა და 14-ქულიანი ჩამორჩენა მეორე პერიოდშივე გააბათილა. გუჯა ბირკაიას ორქულიანით თამაშის მე-19 წუთზე “ტიტები” 25:24 გალიდერდა. დიდი შესვენების შემდეგ “ტიტებმა” გუნდური თამაშის წყალობით 11-ქულიანი ლიდერობაც მოიპოვეს და თითქოს მეტოქე წელში გატეხეს, მაგრამ კაკტუსელებს სამაი ჰეინს-ჯონსმა გაუმართლა. გუნდის ამერიკელი ლიდერი თითქმის შეუჩერებელი იყო და შედეგიანობაში თანაგუნდელებიც აიყოლია.
ჯონსმა მესამე პერიოდის დამასრულებელ სირენასთან ერთად ჩაგდებული შორეული სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა – 51:51, რის შემდეგაც “კაკტუსმა” სადავეები ხელთ იპყრო და ბოლო პერიოდში ისე ჩაამთავრა თამაში, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი 18 ქულითა და 17 მოხსნით ეი ჯეი სამბრიმ დააფიქსირა, სამაი ჰეინს-ჯონსი კი 26 ქულით ბომბარდირი გახდა. ტიტებში ტაილან ბირტსმა 13 ქულა მიითვალა, თეიმურაზ ბაბუნაშვილის ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვდა.
მომდევნო შეხვედრაში ერთმანეთს თსუ და “ცხუმ-აფხაზეთი” დაუპირისპირდებიან.