ირაკლი ხოშტარიასა და რევაზ ჩხეიძის გაწვრთნილმა კაკტუსმა თსუ-ს მეოთხედფინალურ სერიაში ჩამორჩენა შეუმცირა. კაკტუსელებმა სერიის რიგით მე-3 შეხვედრა დამაჯერებელი სხვაობით – 84:66 (სტატისტიკა) დაამარცხეს სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი და ნახევარფინალში გასვლის იმედი გაიცოცხლეს.
აქამდე ერთხელ მომხდარა, რომ 0:2 ჩამორჩენის შემდეგ გუნდს პლეი ოფის სერია მოეგოს. შორეულ 1998 წელს ეს მოახერხა თბილისის ვითამ , რომელმაც ფინალური სერიის პირველი და მეორე მატჩი წააგო რუსთავის აზოტთან, თუმცა შემდეგ ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგო და ჩემპიონი გახდა. მას მერე ასეთი რამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში აღარ დაფიქსირებულა. მართალია, კაკტუსს 2 მატჩი აქვს მოსაგები, თუმცა თავად გუნდის განწყობა, ცხადია, ვითას უნიკალური შემთხვევის გასამეორებლადაა მომართული.
კაკტუსელებს წარმატების არგუმენტად ისიც აქვთ, რომ სერიის წინა შეხვედრა ბოლო წამებზე წააგეს და ამის შემდეგ ჩამორჩნენ 0:2. დღევანდელ შეხვედრაში კაკტუსელებმა საქმე ბოლო წუთებამდე აღარ მიიყვანეს. თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ, რომელიც კაკტუსმა მინიმალური სხვაობით – 41:40 მოიგო, ხოშტარიას გუნდმა ფერი იცვალა, ტემპს და შედეგიანობას უმატა და პერიოდის 21:6 მოგებით თამაშის ბედი სათავისოდ გადაწყვუტა. მართალია, დრო საკმარისად იყო, წინ მთელი პერიოდი იყო და 16-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილებაც შეიძლებოდა, თუმცა ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-ელებმა თამაშის დინამიკის შეცვლა ვეღარ მოახერხეს.
თსუ-ს ისევ აკლდა ქებული მეფარე ბექა ბექაური, რომელმაც თასის ნახევარფინალში მხარი იტკინა და რეაბილიტაციას გადის. მის არყოფნაში ისევ გაილაღა კაკტუსელმა მეფარე ჯეისონ კოპმანმა, რომელმაც 20 მოხსნა მიითვალა. ქულები კი მაილს დენიელსმა აგროვა და საბოლოოდ 32-ქულიან თამასას უწია. 19 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი რაიან ალენის ანგარიშზეა. თსუ-ში 16 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა ჯიმონ ჰენსონმა, მიხეილ ბერიშვილმა შეხვედრა 14 ქულითა და 5 მოხსნით დაასრულა.
სერიის მომდევნო შეხვედრა ხვალ, 28 აპრილს, ოლიმპიურ სასახლეში, კვლავ 16:30 საათზე გაიმართება.