სტატისტიკაგალერეა „კაკტუსმა“ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნება
ხმაურიანი გამარჯვებით აღნიშნა. 90-იანი წლების შუაში დაშლილი გუნდი, რომელმაც ჩვენს
ქვეყანას არაერთი სახელიანი კალათბურთელი აჩუქა, სუპერლიგაში „ა“ ლიგიდან აღზევდა და
დღეს, პირველ ტურში მოქმედ ჩემპიონ „ქუთაისს“ დაუპირისპირდა. გააზრებული და შედეგიანი
თამაშის წყალობით კაკტუსელებმა ფავორიტად მიჩნეული მეტოქე 79:76 დაამარცხეს და ნამატჩევს
ზეიმის მიზეზიც ჰქონდათ.
მატჩი საბოლოოდ 3-ქულიანი სხვაობით დასრულდა და მეტიც,
საფინალო სირენამდე
10 წამით ადრე ზაურ ფაშაევს სამქულიანით ქუთაისელთა დაწინაურებაც შეეძლო, თუმცა ბოლო
პერიოდშივე, „კაკტუსი“ 15 ქულას იგებდა. შეხვედრის დასრულებამდე 8:30 წუთით ადრე არჩილ
ჟღენტის გუნდი 70:55 ლიდერობდა და თითქოს საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ პრესინგის
წყალობით ქუთაისელებმა მოგების შანსი მოიპოვეს.
„კაკტუსს“ მხოლოდ მატჩის დებიუტში და ფინალში გაუიჭირდა,
თორემ შუა პერიოდში „ქუთაისს“ თითქმის ყველა კომპონენტში ჯობნიდა. კაკტუსელებს შესანიშნავი
ლეგიონერი ჰყავთ ჯონ ფლოვიესის სახით. 211 სანტიმეტრი სიმაღლის აფროამერიკელი თითქმის
შეუჩერებელი იყო. ის სამწამიან ზონაშიც შეუდარებელი იყო, საშუალო ტრორცნებიც ჩააგდო
და ფარიდან ასხლეტილი ბურთების მოხსნაში ხომ ბადალი არ ჰყავდა. ფლოვიესმა 37 წუთი ითამაშა
და საბოლოოდ20 ქულა, 14 მოხსნა (7 მეტოქის ფარზე) და 2 დაფარება მიითვალა. ერთადერთი,
მან საჯარიმოებში მოიკოჟლა – 10 ცდიდან 4 ჩააგდო.
11 ქულით, 11 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა შეხვედრა
მეორე ლეგიონერმა ტერიკ ბრიჯმენმა, ხოლო კაკტუსელთა მესამე უცხოელმა, ტაილერ უაითმა
პირველსავე პერიოდში ტრავმა მიიღო და თამაშში აღარ დაბრუნებულა. შესანიშნავად ითამაშა
უაითის ნაცვლად გამთამაშებლად გამწესებულმა ვატო ბააკაშვილმა, რომლის გარჯაც ნამატჩევს
მისმა მთავარმა მწვრთნელმაც შეაქო. ცალკე თემაა ირაკლი ჩლაიძე, რომელმაც 9-დან 6 სამქულიანი
ჩააგდო და შეხვედრა 20 ქულით დაასრულა.
„ქუთაისში“ გიორგი ცინცაძე გამოირჩეოდა, მაგრამ მხოლოდ
მისი შედეგიანობა იმერული კლუბისთვის სახეირო არ აღმოჩნდა. ცინცაძემ შეხვედრა 26 ქულით,
8 მოხსნით, 8 პასით და 4 ჩაჭრით დაასრულა. ცინცაძეს ბოლო წამებზე ანგარიშის გათანაბრება
შეეძლო, მაგრამ რთული სიტუაციიდან მისი ნასროლი ბურთი მიზანს ასცდა.
სუპერლიგის პირველი ტური ხვალ, 19 ოქტომბერს, „დინამოსა“
და „ოლიმპის“ მატჩით დასრულდება, რომელიც თბილისის სპორტის ახალ სასახლეში 18 საათზე
გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
არჩილ ჟღენტი („კაკტუსის“ მთავარი მწვრთნელი): ძალიან კარგია, რომ ისეთი გუნდის დამარცხებით დაიწყებ ჩემპიონატს, როგორიც „ქუთაისია“. დღევანდელი შედეგის მიუხედავად, მე მაინც ვთვლი, რომ „ქუთაისი“ „დინამოსთან“ ერთად ჩემპიონობის მთავარი პრედენდენტია. ლეგიონერების კმაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა, მათ დღეს დიდი სამუშაო გასწიეს მთელ გუნდთან ერთად. სამწუხაროდ, შეხვედრის დასაწყისში უცხოელი გამთამაშებელი დაგვიშავდა, თუმცა ის კარგად შეცვალა ვატო ბააკაშვილმა, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა. ვულოცავ „კაკტუსის“ წევრებს და ყველა გულშემატკივარს ამ გამარჯვებას. წინ საკმაოდ საინტერესო სეზონი გველის.
კოტე ტუღუში („ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ კაკტუსს გამარჯვებას. შეიძლება ითქვას წაგებები გავასამეთ. სამწუხაროდ, ქუთაისმა სუპერლიგა წაგებით დაიწყო, მაგრამ მთავარია ბიჭები ერთად ვიყოთ, ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა, სეზონი მხოლოდ ახლა იწყება.