კაკტუსმა სოხუმს შანსი არ დაუტოვა

კაკტუსმა სოხუმს შანსი არ დაუტოვა

სტატისტიკა გალერეასუპერლიგის მე-4 ტური „კაკტუსის“ გამარჯვებით დასრულდა.
„ა“ ლიგიდან გადმოსულმა დებიუტანტმა, რომელმაც პირველ ტურში მოქმედი ჩემპიონი „ქუთაისი“
დაამარცხა და შემდეგ „ბათუმთან“ ბოლომდე დაიხარჯა, დღეს „სოხუმს“ შანსი არ დაუტოვა.

„კაკტუსს“ მხოლოდ პირველ პერიოდში, ისიც მცირედით გაუჭირდა,
თუმცა მეორე მეოთხედიდან ყველაფერი გამოასწორა და სოხუმელებს ისე აჯობა, შანსი არ მიუცია.
თანაც, არჩილ ჟღენტის გუნდი დისკვალიფიცირებული უაიტის გარეშე თამაშობდა, თუმცა  კაკტუსელთა სხვა ლეგიონერებმა – ტერიკ ბრიჯმანმა
და ჯონ ფლოვიერსმა ისე დიდებულად ითამაშეს, თანაგუნდელებიც აიყოლიეს და მეტოქესაც არმატების
ყოველგვარი იმედი გადაუწურეს.

ეფექტური გდებების სტატისტიკა არ ითვლება, თუმცა დიდი
ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ რამდენი ბურთიც ამ შეხვედრაში ჩაიტენა, საქართველოს
ჩემპიონატში იშვიათად თუ ჩატენილა. ბრიჯმენი და ფლოვიერსი თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ
ეფექტურად ბურთის ჩატენვაში და მეტოქის ბარში ბლომადაც შთამბეჭდავი ბურთი ჩააჭედეს.

პირველი პერიოდის 24:25 წაგების შემდეგ „კაკტუსმა“ მეორე
მეოთხედი 22:13 მოიგო, მომდევნოში კი 21:11 იმარჯვა და მატჩის ბედი ნაადრევად გადაწყვიტა.
ბრიჯმენ-ფლოვიერსის წყალობით კაკტუსელები საჯარიმოში გაბატონდნენ და მეტოქეს როგორც
მოხსნებში, ისე სამწამიანი ზონიდან მოგროვილ ქულებში ჯობნიდნენ. შედეგად არჩილ ჟღენტის
გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა და 2 მოგება-1 მარცხით სუპერლიგის ცხრილში მე-6 პოზიციაზე
გადაინაცვლა.

ჯონ ფლოვიერსმა გამარჯვებულებს 26 ქულითა და 13 მოხსნით
ულიდერა. ბრიჯმენმა შეხვედრა 22 ქულით, 14 მოხსნით და 3 დაფარებით დაასრულა. დავით
ლომიძის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. სოხუმელთაგან 14-14 ქულა მოაგროვეს მერაბ ბოქოლიშვილმა
და ოლექსანდრ რიხლიუკმა.

სუპერლიგის მორიგი, მე-5 ტური
11 და 13 ნოემბერს, ბათუმში, რუსთავსა და თბილისში გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები
არჩილ ჟღენტი (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი): კიდევ ერთხელ აღვნიშნავ – ჩვენ დებიუტანტი გუნდი ვართ. სოხუმი კარგი გუნდია და საშიში იყო, რადგან ზედიზედ 3 წაგება ქონდა, მაგრამ მოვახდინეთ მობილიზება. წინა თამაში ჩავაგდეთ და კარგია, რომ ამჯერად მოვახერხეთ გამარჯვება. ვულოცავ ჩემს გუნდს. ნუგზარ ჭეიშვილი (სოხუმის მთავარი მწვრთნელი): თავიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდგომ სამწუხაროდ ვერ შევძელით მეტოქე გუნდიდან ცენტრების ნეიტრალიზება, რამაც საბოლოოდ წაგვაგებინა კიდეც თამაში. ჯერჯერობით ჩვენი თამაშის ძიების პროცესში ვართ. ვეცდებით გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები და ჩვენთვის სასურველი შედეგი ვაჩვენოთ.