სტატისტიკა
გალერეასუპერლიგის 25-ე ტური დღეს თბილისში განახლდა. ოლიმპიურ
სასახლეში გასამართი 2 მატჩიდან პირველი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. პრინციპულ მატჩში,
რომელშიც ფაქტობრივად პლეი ოფის ბოლო, მეოთხე საგზური თამაშდებოდა, „კაკტუსმა“ „სოხუმს“
88:66 სძლია და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
მატჩი ვერ გამოდგა ისეთი დაძაბული, როგორიც სატურნირო
დატვირთვა ჰქონდა. წაგების შემთხვევაში „სოხუმი“ პლეი ოფში მოხვედრის შანსს ფაქტობრივად
ემშვიდობებოდა. ამის მიუხედავად, უკრაინელი ვიტალი ჩერნის გაწვრთნილმა გუნდმა „კაკტუსს“
სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 22 ქულით დამარცხდა.
პირველი პერიოდი „კაკტუსმა“ 23:15 მოიგო, დიდი შესვენებისთვის
კი უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა. მეორე ნახევარში ვითარება არ შეცვლილა. კაკტუსელთა
მწყობრი დაცვის გამო „სოხუმს“ შეტევაში შედეგიანობა აკლდა, ქულების მოხვეჭა უჭირდა
და რაც დრო გადიოდა, კაკტუსელთა ლიდერობა იზრდებოდა. მესამე პერიოდი თბილისურმა გუნდმა
26:18 მოიგო და გადამწყვეტ მეოთხედს 20-ქულიანი ლიდერობით შეხვდა.
საბოლოოდ თამაში ისე დამთავრდა, ვითარება არ დაძაბულა.
„კაკტუსში“ 17 ქულით ბომბარდირი ბექა ჩიკვილაძე გახდა. ჯონ ფლოვიესმა 16 ქულა და
15 მოხსნა მოაგროვა, ტერიკ ბრიჯმენის ანგარიშზე კი 16 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა.
„სოხუმში“ 19 ქულით საუკეთესო იყო დუეინ ლათანი. დავით ბარბაქაძის ანგარიშზე კი 14 ქულა
დაგროვდა.
25-ე ტურის ბოლო მატჩში „დინამო“ „მგზავრებს“ შეხვდება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ვაჟა კვარაცხელია (“სოხუმის” მწვრთნელი): ამ წაგებით პლეი ოფში გასვლის შანსი ფაქტიურად დავკარგეთ.
არსებობს თეორიული შანსი, რომლის განხორციელებაც წარმოუდგენელია: ჩვენც რომ მოვიგოთ
დარჩენილი სამი თამაში, „კაკტუსი“ სამ თამაშს არ წააგებს. ეხლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,
რომ სუპერლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ.
არჩილ ჟღენტი
(„კაკტუსის“ მთავარი მწვრთნელი): ჩვენი მიზანია
რომ სუპერლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ, ამისთვის კი ყველაზე კარგი საშუალებაა ოთხეულში
დავიკავოთ ადგილი. დღეს მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ და მადლობას გადავუხდი ჩემი გუნდის
მოთამაშეებს.