კაკტუსმა ქუთაისში 22-ქულიანი ლიდერობა დაკარგა და დამარცხდა

კაკტუსმა ქუთაისში 22-ქულიანი ლიდერობა დაკარგა და დამარცხდა

 სტატისტიკა  გალერეა22-ე ტურის მორიგ შეხვედრაში „ქუთაისმა“ „კაკტუსს“ უმასპინძლა. ორი რადიკალურად განსხვავებული ტაიმისგან შემდგარი მატჩი მასპინძლების გამარჯვებით –
82:78 დასრულდა.

„კაკტუსს“ „ქუთაისი“ მიმდინარე სეზონში ერთხელ უკვე
დამარცხებული ჰყავს. ეს სუპერლიგის პირველ ტურში – თბილისში მოხდა, თუმცა მას მერე
იმერულმა კლუბმა „კაკტუსს“ ორჯერ მოუგო. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო – მეოთხე შეხვედრა
ისევ „ქუთაისმა“ მოიგო, თუმცა დიდი გაჭირვებით.

თანაბარი საწყისი 7 წუთის შემდეგ სტუმრებმა სოლიდური
უპირატესობა მოიპოვეს, რაც ანგარიშშიც ასახეს. კაკტუსელებმა პირველი პერიოდი 26:19
მოიგეს, ხოლო მეორეში კიდევ უფრო გააქტიურდნენ და შესვენებაზე დიდი უპირატესობით გავიდნენ
– 45:25. მეორე ათწუთეულში ქუთაისელებმა მხოლოდ 6 ქულა ჩააგდეს.

დიდი შესვენების შემდეგ მალევე მატჩის ყველაზე დიდი
სხვაობა დაფიქსირდა – „კაკტუსი“’ 22 ქულით დაწინაურდა და ქუთაისელები წაგების რეალური
საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ. მასპინძლებმა ვითარება მალე გამოასწორეს და მესამე პერიოდის
30:21 მოგების შემდეგ მოგების შანსი გაიცოცხლეს.

გადამწყვეტი მეოთხედი ქუთაისელთა შტურმით დაიწყო და
სტუმართა ლიდერობა სწრაფად მცირდებოდა. გუნდური და ზუსტი თამაშის შედეგად, თამაშის
დასრულებამდე 2,30 წუთით ადრე, აკაკი ლომოურის გარღვევას „ქუთაისის“ დაწინაურება მოჰყვა
(73:72). თითქმის წაგებული მატჩის შემოტრიალების შემდეგ მასპინძლებს ინიციატივა აღარ
დაუთმიათ და საბოლოოდ გამარჯვებამდეც მივიდნენ.

იმერულ გუნდს 17 ქულით, 8 მოხსნითა და 7 პასით გიორგი
ცინცაძემ ულიდერა. 16 ქულა მოაგროვა გოგა ცეკვავამ, ხოლო 13 ქულა აკაკი ლომოურის ანგარიშზე
დაგროვდა. „კაკტუსში“ 19 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ბექა ჩიკვილაძე, ირაკლი
ჩლაიძემ კი თბილისელებს 15 ქულა შემატა.

სუპერლიგის 22-ე ტურის დარჩენილი 2 მატჩი ხვალ, 18 მარტს,
თბილისსა (დინამო – ოლიმპი) და რუსთავში (რუსთავი – სოხუმი) გაიმართება. 
მატჩისშემდგომი კომენტარები
კოტე ტუღუში (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): ძალიან რთული თამაში გვქონდა, კაკტუსი ბრძოლისუნარიანი გუნდია და ასეც ველოდით. პირველ ტაიმში ჩვენ არაფერი გამოგვდიოდა, კაკტუსს კი პირიქით – ყველაფერი. თუმცა ჩემი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ კიდევ ერთხელ აჩვენეს ბრძოლისუნარიანობა და მე–3 და მე–4 პერიოდებში მოვახერხეთ თამაშის საჩვენოდ შემოტრიალება. სწორედ ასეთი შემართებით მოვახერხებთ წარმატების მიღწევას. 
არჩილ ჟღენტი (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი): მთელი თამაში ვიგებდით და იმ ტექნიკური ხარვეზის გამო, რაც მრავალჯერ დაფიქსირდა თამაშის განმავლობაში, ტემპი პერიოდულად გვივარდებოდა, ეს კი ცუდად ისახებოდა გუნდის შემართებაზე. აღარაფერს ვიტყვი მსაჯობაზე, ეს ცალკე განხილვის საგანია. ჩვენ ალბათ შეგვეძლო ტექნიკური შეფერხებისას დაგვეტოვებინა დარბაზი, მაგრამ ასე არ გავაკეთეთ. რუსთავში თასის თამაში ცივ დარბაზში ვითამაშეთ, დღეს კი ბევრჯერ გაითიშა ტაბლო. ვფიქრობ ფედერაციამ მსგავს ხარვეზებს ყურადღება უნდა მიაქციოს და გამოასწოროს. სხვა მატჩებისგან განსხვავებით, დღეს აშკარად კარგად წარმოვაჩინეთ თავი, თუმცა აღნიშნულის გამო ტემპი დავაგდეთ და დავმარცხდით.

ფოტო: დიმა კაციტაძე (ქუთაისი–2010–ის პრეს სამსახური)