სტატისტიკა გალერეაგუშინ რუსთავში დაწყებული სუპერლიგის მე-17 ტური დღეს
თბილისში გრძელდება. ოლიმპიურ სასახლეში 3 მატჩია დაგეგმილი, რომელთაგან 1 უკვე დასრულდა.
„კაკტუსმა“ „ბათუმს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად – 85:68 დაამარცხა.
ეს გუნდები ცხრილში გვერდიგვერდ არიან და დღევანდელ
მატჩს ორივესთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვების შემთხვევაში თბილისელები „ბათუმს“
ქულით უსწრებდნენ და საბოლოოდ ასეც მოხდა. „კაკტუსის“ კალათბურთეებმა პირველ ტაიმში
9 სამქულიანი ჩააგდეს – მთლიანად მატჩში კი 13 შორი სროლა მიითვალეს და ძირითადად ამის
ხარჯზე გამარჯვება მოიპოვეს.
შედარებით თანაბარი პირველი პერიოდი გამოდგა, რომელიც
კაკტუსელთა 7-ქულიანი გამარჯვებით – 19:12 დასრულდა. მეორე მეოთხედში კვანძი გაიხსნა:
ირაკლი ჩლაიძისა და ბექა ჩიკვილაძის სამქულიანებით მასპინძლებმა გაქცევა მოაწყვეს
– მეორე ათწუთეული 29:15 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 21-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.
მეორე ნახევარში ვითარება არ შეცვლილა. ბატუმელებმა
დიდი მონდომების მიუხედავად ვეღარ მოახერხეს ვითარების გამოსწორება და ჩემპიონატში
მე-11 მარცხი განიცადეს. კაკტუსელებს 21-21 ქულით ირაკლი ჩლაიძემ და ბექა ჩიკვილაძემ
ულიდერეს. 13 ქულა და 11 მოხსნა ჯონ ფლოვიესმა დააგროვა. „ბათუმში“ 24 ქულით საუკეთესო
იგორ კრივცოვი გახდა.
მატჩისშემდგომი კომენატრები
არჩილ ჟღენტი (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი):
„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი. ჩავარდნა გვქონდა
და დღეს უშუალო კონკურენტს შევხვდით. გასახარია, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ, რასაც ვულოცავ
ჩემი გუნდის წევრებს“.
დავით უსტიაშვილი (ბათუმის მთავარი მწვრთნელი):
„ძალიან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს. ზეგ უკვე მორიგი თამაში გველოდება და დიდი სირთულეები გველის წინ. კაკტუსმა დამსახურებულად გაიმარჯვა. პირველი 20 წუთი ცუდი იყო, მომდევნო კი შედარბით კარგი. ვეცდებით გამოვასწოროთ შემდეგი თამაშისთვის შეცდომები, მთავარია გუნდი ჯანმრთელი იყოს.“