JRNBALEAGUE.GE დაძაბული და ძალიან საინტერესო მატჩით დასრულდა Junior NBA-GBF ლიგის თბილისის, იგივე ატლანტიკის დივიზიონი. ბოლო მატჩში ერთმანეთს ჯგუფის ლიდერები, აქამდე დაუმარცხებელი „ფილადელფიას“ სახელით მოთამაშე „ჰიუნდაი 1“ და „ბრუკლინ ნეთსი“ (აკადემია) შეხვდნენ.
მატჩის შედეგს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან „ფილადელფიას“ პირველი ადგილი წაგების შემთხვევაშიც ერგებოდა, თუმცა „ბრუკლინს“ გამარჯვების მოპოვება პირველი წრის მატჩში დამარცხებისთვის სარევანშოდ უნდოდა. თამაშის მსვლელობისას ფილადელფია-ჰიუნდაელები 15 ქულით უგებდნენ მეტოქეს, თუმცა მეორე ტაიმში ბრუკლინ-აკადემიელებმა დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და გამარჯვებას მიაღწიეს. თანაბარ ანგარიშზე საფინალო სირენის თანხლებით გამარჯვების ბურთი ლუკა ჯაფარიძემ ჩააგდო და „ბრუკლინმა“ „ფილადელფიას“ 37:35 სძლია.
ფილადელფიელებმა 7 მოგებითა და 1 მარცხით ჯგუფში გამარჯვება მოიპოვეს, „ბრუკლინი“ მეორეზე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი 4-4 მოგებ-წაგების მომგროვებელმა 151-ე სკოლის გუნდმა „ნიუ იორკმა“ დაიკავა. ბოლო ადგილები „ჰიუნდაი 2“-ს (ტორონტო) და „იბერს“ (ბოსტონი) ერგოთ.
ამასობაში გახურდა თელავის, ეგრედ წოდებული სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონი. 2 სათამაშო დღის შემდეგ 4-დან 4 მოგებით ლიდერი „ნიუ ორლეანის“ სახელით მოასპარეზე „ორბია“. 3 მოგებითა და 1 მარცხით მეორეზეა „თელავი 1“ (ჰიუსტონი). თელავის მეორე გუნდს, რომელიც „მემფისის“ სახელით თამაშობს, 2-2 მოგებ-წაგება აქვს და მესამეზეა. „აუტსაიდერები კი დედოფლისწყაროს „სან ანტონიო“ და ლაგოდეხის „დალასი“ არიან. 2 დღეში თელავის ტური დასრულდება.
15 ივნისს სტარტს აიღეს ჩრდილო დასავლეთ დივიზიონის კასპის მატჩები. აქამდე კი გორის სამმა გუნდმა ერთმანეთში მატჩები საკუთრ ქალაქში მოილიეს. 4-დან 4 მოგებით გორელთა პირველი გუნდი „იუტა ჯაზი“ ლიდერობს. 2-2 მოგებ-წაგება აქვს მეორე გუნდ „ოკლაჰომას“, ხოლო მეორე გუნდმა „მინესოტამ“ ოთხივე შეხვედრა წააგო. ხვალიდან კი ტურნირში „კასპისა“ (დენვერი) და ხაშურის (პორტლენდი) გუნდებიც ჩაებმებიან.