ამ წერილის სასათაურო ფოტოზე ხედავთ მომენტს, როცა მატჩის დასრულებამდე 22 წამია დარჩენილი და 78:80 ჩამორჩენილი თსუ-ს ლეგიონერი, ჯიმერ ჰენსონი 3-ქულიანს ესვრის. მას მანამდე 5-ივე სამიანი აცილებული ჰქონდა, მაგრამ ჰენსონი ისეთი ყისმათიანი მოთამაშეა, გადამწყვეტი ბურთი ძალიანაც შესაძლებელი იყო, რომ ჩაეგდო, მაგრამ სროლა არ დასცალდა. ჰენსონს “ქუთაისის” უკანახაზელმა, კახა ჯინჭარაძემ დააფარა, რის შემდეგაც უნივერსიტეტელთა შესატევად განკუთვნილი 24 წამი ამოიწურა და ბურთის ფლობა იმერულ კლუბს გადაეცა.
როცა 2 ქულით იგებ, უტევ და საფინალო სირენამდე 20 წამია, ბურთის თუ კარგად გაუფრთხილდები და მეტოქის მიერ აღებულ ტაქტიკურ საჯარიმოებს ჩააგდებ, მოგება განაღდებული გაქვს. სწორედ ასე მოხდა ქუთაისის შემთხვევაში. უნივერსიტეტელებმა დროის მოგების მიზნით ტაქტიკური ჯარიმა აიღეს, რომელიც 2 ქულად კრისტოფერ უეირმა აქცია და ქუთაისელები დასრულებამდე 18 წამით ადრე 4 ქულით დააწინაურა.
ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა, თუმცა ქუთაისელთა მოგება მაშინ გადაწყდა, როცა მომდევნო შეტევაში იმავ ჰენსონმა პირით ხაზს ფეხი დააბიჯა. ქუთაისელებმა შედეგიანად დააგვირგვინეს მორიგი შეტევა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 84:78 (სტატისტიკა). საკვანძო დაფარების გარდა ჯინჭარაძემ, რომელიც ხვალ ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე ელიან, 31 ქულა, 7 პასი და 4 მოხსნა მიითვალა. კახამ ეს სეზონი ერაყში დაიწყო და ამ ქვეყნის საკალათბურთო ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეც იყო, თუმცა მიზეზთა გამო სამშობლოში დაბრუნდა და “ქუთაისში” უკვე მეორე მატჩი ჩაატარა (პირველში 30 ქულა ჩააგდო).
არადა, თსუ-ს არ ჰქონდა წასაგები მატჩი. ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა თამაში 12:0 გაქცევით დაიწყო და სანამ შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთი დარჩებოდა, სულ წინ იყო – ხან 16 ქულით, ხანაც უფრო ნაკლებით. ბოლო პერიოდის წინ კოტე ტუღუშმა ქუთაისელებს ახალი დავალებები მისცა და მაქსიმალური მობილიზება მოსთხოვა. თსუ 9 ქულით იგებდა, თუმცა სტაბილური დაცვით ქუთაისელებმა სასურველ შედეგს მიაღწიეს. პერიმეტრი გადაკეტეს და უნივერსიტეტელებს არც სამქულიანებს აგდებინებდნენ და სწრაფი გარღვევების განხორციელების საშუალებასაც უსპობდნენ. უკანა ხაზში გამართული თამაშის ფონზე ქუთაისელებს შეტევაში გზა გაეხსნათ. ჯარვის რეიმ შორიდანაც ჩააგდო, სწრაფი გარღვევაც განახორციელა და როცა მას ჯინჭარაძეც მიეშველა, უნივერსიტეტელთა ლიდერობიდან აღარაფერი დარჩა.
დასრულებამდე 5 წუთით ადრე ქუთაისი რეის სამქულიანის შემდეგ ქულით დაწინაურდა და მას მერე, სანამ ბოლო წამებმა და თავში ნახსენებმა ჰენსონის სროლამ არ მოატანა, თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა. ჯინჭარაძის კვალზე ქუთაისში 15 ქულითა და 11 მოხსნით ჯარვის რეი გამოირჩა. 13-13 ქულა-მოხსნა კრისტოფერ უეირმა მიითვალა. ამონდე კოულმანმა თავი 16 ქულას მოუყარა. თსუ-ში 16 ქულით, 12 მოხსნით და 3 დაფარებით საკეთესო ეროვნული ნაკრების წევრი ბექა ბექაური იყო. ჯიმონ ჰენსონი 18 ქულით ბომბარდირი გახდა, 15 ქულა, 8 მოხსნა და 8 პასი მალკოლმ დრამრაითმა მოაგროვა.
მოქმედი ჩემპიონი ქუთაისი ამ გამარჯვებით ცხრილში მე-9 ადგილზე დარჩა, თსუ კი 8 მოგებით მე-5 ადგილზეა. სუპერლიგაში ახლა სანაკრებო ფანჯარაა და თამაშები 28 თებერვალს განახლდება.