საკალათბურთო სუპერლიგის ორივე ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში 2:0-ია. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა “ქუთაისმა” მეორე მატჩის მოუგო “ბათუმს” და ფინალს მიუახლოვდა. ქუთაისელებს ერთი გამარჯვება სჭირდებათ, დასახულ მიზანს რომ მიაღწიონ და საჩემპიონო სერიაში ასპარეზობის უფლება მოიპოვონ.
როგორც სერიის პირველ მატჩში, გამარჯვებული ძირითად დროში არც ამჯერად გამოვლენილა. თუკი წინა შეხვედრაში 2 ოვერტაიმი გახდა საჭირო, მეორეში მხოლოდ ერთმა იკმარა. მატჩის რეგულარული დრო ფრედ – 77:77 დასრულდა, ხოლო დამატებით ხუთწუთეულში მასპინძლებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.
წინა მატჩთან ის მსგავსებაც გახლდათ, რომ ძირითადი დროის ბოლო წამებზე გათანაბრება მასპინძლებს მოუხდათ. თუკი პირველ მატჩში ძირითადის ბოლო წამზე ქუთაისელებმა 3 საჯარიმოს სროლის უფლება მოიპოვეს და ყველას ჩაგდებით მოიპოვეს ოვერტაიმში თამაშის გაგრძელების უფლება, ამჯერად გამთანაბრებელი ორქულიანი ჯარვის რეიმ, საშუალო მანძილიდან ჩააგდო. საფინალო სირენამდე 12 წამი რჩებოდა, როცა ბურთი ბათუმელთა ნახევარზე ადრიან ბოუიმ გადაიტანა, ჯარვის რეის მიაწოდა და მცირე დრიბლინგის შემდეგ ამ უკანასკნელმა ზუსტი ორქულიანით ანგარიში გაათანაბრა.
ჯარვის რეიმ ოვერტაიმშიც გამოიჩინა თავი, ჯერ ორქულიანით “ქუთაისი” დააწინაურა, შემდეგ კი სამქულიანიც მიითვალა და ანგარიში 84:79 გახადა. ამის შემდეგ ზღვისპირელები საბოლოოდ გატყდნენ და სერიის მეორე შეხვედრაც დასანანად დათმეს – 90:96 (სტატისტიკა). 35 ქულით ჯარვის რეიმ მიმდინარე პლეი ოფის რეკორდი დამყარა. 19 ქულა სტივენ ფლეჯერმა, ხოლო 17 – ადრიან ბოუიმ მიითვალა. ბათუმში 22 ქულით ბომბარდირი გახდა კაილი რიდლი, 18 ქულა და 9 მოხსნა ბექა ბექაურის ანგარიშზეა.
ამ გუნდებს შორის ნახევარფინალური სერიის მე-3 მატჩი ბათუმში 17 მაისს გაიმართება.