„მე-5 წელია, თბილისის ჩემპიონატებს ვატარებთ და ასეთი დაძაბული ფინალი ჯერ არ მინახავს“ – განაცადა თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა, როცა თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური მატჩის ოვერტაიმში ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა.
„ჰიუდაისა“ და „დინამოს“ ფინალური შეხვედრა მართლაც გამორჩეულად დაძაბული გამოდგა. ნახსენებმა ოვერტაიმმა ამ მატჩის გამარჯვებული მაინც ვერ გაარკვია და შეხვედრაში მეორე დამატებითი 5-წუთეული დაინიშნა. შესაბამისად, მატჩის ძირითადი დრო 64:64 დასრულდა, ხოლო ოვერტაიმში ასევე ფრე – 8:8 დაფიქსირდა.
მეორე დამატებით ხუთწუთეულში „ჰიუნდაიმ“ საბოლოოდ გატეხა „დინამო“, 81:74 სძლია და თბილისის ჩემპიონი გახდა. ამაში უდიდესი წვლილი მწვრთნელებმა – ირაკლი ჩერქეზიშვილმა, დავით რიბაშვილმა და რა თქმა უნდა, მოთამაშეებმა შეიტანეს. განსაკუთრებით გამოსარჩევი კი მიხეილ დაბრუნდაშვილი გახლდათ, რომელმაც ფინალურ მატჩში 31 ქულა მიითვალა.
დაბრუნდაშვილი საბოლოოდ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრისგან – ლევან წულაიასგან სპეციალური პრიზიც ჩაიბარა.
ფინალში 34 ქულა მოაგროვა დინამოელმა ნიკოლოზ გულიაშვილმა, რომელმაც მაყურებელთა სიმპათიის პრიზი დაიმსახურა. გულიაშვილს პრიზი ვეტერანმა კალათბურთელმა და კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრმა – ნოდარ ქორქიამ გადასცა.
„დინამო“ ვერცხლის, ხოლო „ჰიუნდაი“ ოქროს მედლებით თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრებმა – დავით გოცირიძემ, მამუკა ლომიძემ და ლევან წულაიამ დააჯილდოვეს. ცერემონიალის ბოლო აკორდი გახლდათ საჩემპიონო თასის გადაცემა, რომელიც ჰიუნდაელთა კაპიტან ალექსანდრე ფაღავას თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა გადასცა.
თბილისის U14 ჩემპიონატი. ფინალი. 2 ნოემბერი
ჰიუნდაი 81:74 დინამო
19:13, 10:10, 17:19,18:22, 8:8, 9:2
ჰიუნდაი: დაბრუნდაშვილი (31), ლურსმანაშვილი (26), წულაია (12)
დინამო: გულიაშვილი (34), დუმბაძე (14), ნაცვლიშვილი (14), აბასაძე (10)