„ჰიუნდაი 1“ საქართველოს ჩემპიონია. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ლაშა თოიძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ სერიაში მშრალი ანგარიშით, 2:0 დაამარცხა „კარდინალები“
და 13-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. გადამწყვეტი შეხვედრა ჰიუნდაელებმა მეტოქეს ვაკის საკალათბურთო აკადემიაში 47:40 მოუგეს და მატჩის შემდეგ მედლებთან ერთად თასიც ჩაიბარეს.
„ჰიუნდაიმ“ თამაში მძლავრად დაიწყო. კარგი დაცვის ხარჯზე, რასაც „კარდინალების“ შეცდომებიც ერთვოდა, ჩერქეზიშვილის გუნდმა საწყისი მეოთხედი 8:1 მოიგო. ანუ მეტოქეს თამაშიდან ბურთი არ ჩააგდებინა. კარდინალების ის ერთადერთი ქულაც ბოლო წუთზე, ნიკა ყირიმელმა საჯარიმოდან ჩააგდო.
მეორე მეოთხედში „კარდინალები“ გამოცოცხლდნენ. ზვიად დიდბარიძისა და ნინო ყიფშიძის გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიშის გათანაბრებაც კი მოახერხა, რაც მათი აღიარებული ლიდერის, ნიკა ყირიმელის დამსახურება გახლდათ. ყირიმელი „კარდინალების“ სული და გულია. თუკი ამ კალათბურთელს გააჩერებდნენ, ჰიუნდაელებს გამარჯვებაში ვეღარავინ შეეცილებოდა და საბოლოოდ ესეც მოხდა.
თავის მხრივ „ჰიუდაისაც” ჰყავდა მოთამაშე, რომლის შეჩერებაც ურთულესი საქმე იყო. გოგა ბითაძე ფინალის მონაწილე ყველა დანარჩენ მოთამაშეზე მაღალია და ფარქვეშ კონკურენციას ვერავინ უწევდა. პირველი ტაიმი 17:16 დასრულდა, ხოლო მესამე მეოთხედიდან „ჰიუნდაი“ კვლავ წინ გაიჭრა, რაც ბითაძის დამსახურება გახლდათ. ამ კალათბურთელმა თავისი გუნდის მთლიანი მონაგარის უმეტესობა – 30 ქულა ჩააგდო.
ყველაფერი მაინც ბოლო მეოთხედში გაირკვა. „კარდინალები“ შანსს ბოლომდე ინარჩუნებდნენ, მაგრამ კაკუბერისა და ფიფიას შედეგიანობის წყალობით ბოლო წუთებზე თამაშის ბედი „ჰიუნდაის“ სასარგებლოდ გადაწყდა.
მატჩის შემდეგ აკადემიის დარბაზში მოსულმა ჰიუნდაელთა გულშემატკივრებმა გულიანად გაიხარეს და ჩემპიონობა ზარ-ზეიმით აღნიშნეს. გამარჯვებულები სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ დააჯილდოვა. მედლები დაურიგდათ ასევე მეორე ადგილზე გასულ „კარდინალებსაც“.
13-წლამდელთა ჩემპიონატი. ფინალური სერია. მეორე მატჩი
ჰიუნდაი 47:40 კარდინალები
8:1, 9:15, 20:15, 10:9
ჰიუნდაი: ბითაძე 30, კაკუბერი 7, ფიფია 4, ბეციაშვილი 4, ქავთარაძე 2, გამყრელიძე, მეგენეიშვილი, სისაური, ცაგარეიშვილი, ლანჩავა, მაჭავარიანი, ფეიქრიშვილი
კარდინალები: ყირიმელი 25, ჩალაბოვი 3, მჭედლიშვილი 8, სვანიძე 4