დღეს კალათბურთის ფედერაციის ოფისში ახალი გამგეობის პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა. ფედერაციის საერთო ყრილობამ ახალ წესდებასთან ერთად გამგეობის არსებულ 11-კაციან შემადგენლობას 4 წევრი დაამატა. გამგეობის პირველ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.
დღის წესრიგში იდგა გამგეობის თავმჯდომარისა და კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის არჩევა. თავმჯდომარედ წარდგენილი და დამტკიცებული იქნა „დინამო თბილისის“ პრეზიდენტი, ვეტერანი კალათბურთელი, ვახტანგ ნაცვლიშვილი, ხოლო ფედერაციის გენერალურ მდივნად გამგეობამ გიორგი ქართველიშვილი აირჩია.
ახალი გამგეობის პირველი გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი და ისტორიული გამოდგა. სუპერლიგაში მონაწილე გუნდების რაოდენობა მომავალი სეზონისთვის 10 გუნდამდე გაიზარდა.
2018-2019 წლების სეზონის სუპერლიგის მეათე ადგილისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სატურნირო ცხრილის ბოლოადგილოსანი და „ა“ ლიგის ფინალურ სერიაში დამარცხებული გუნდი. საკვალიფიკაციო სერია მიმდინარე წლის 3-დან 10 მაისამდე გაიმართება.
ფედერაციის ხელმძღვანელობა სუპერლიგისა და „ა“ლიგების გუნდებთან სამუშაო შეხვედრებზე შეთანხმებული იყო, რომ სუპერლიგაში მომავალი სეზონიდან მონაწილეების 10-მდე გაზრდის გადაწყვეტილება კლუბებისთვის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე უნდა ეცნობებინა. ხსენებულ შეხვედრებზე ასევე განსაზღვრული იყო გუნდების გაზრდის შემთხვევაში, სუპერლიგაში მე-10 გუნდად გადასვლის შემდეგი პრინციპი: „ა“ ლიგის გამარჯვებული პირდაპირ გადავა სუპერლიგაში, ხოლო ფინალში დამარცხებული სუპერლიგის მე-10 ადგილისთვის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოადგილოსანთან საკვალიფიკაციო სერიას 2 მოგებამდე ითამაშებს.
იმ გუნდების ვინაობას, რომლებიც 2018-2019 წლების სეზონის სუპერლიგაში მე-10 ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებენ, სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატისა და „ა“ ლიგის ფინალური სერიის დასრულების შემდეგ შევიტყობთ.
შეგახსენებთ, რომ “ა“ ლიგის ფინალური სერია დღეს იწყება „ტიტებსა“ და „თსუ-ჰიუნდაის“ შორის, რომელიც 3 მოგებამდე გაგრძელდება.