დღეს, ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის 2 მატჩი გაიმართა, რომელიც კოვიდ-რეგულაციების გამო წინა ტურებში გადაიდო. პირველ მატჩში ერთმანეთს გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი “რუსთავი” და ცხრილის შუაში მყოფი “ოლიმპი” შეხვდნენ. ოლიმპელებს პლეი ოფში თამაში გარანტირებული აქვთ, თუმცა დავით როგავას გუნდი ლიდერს მოსაგებად დაეტაკა და მიზნამდე მცირედი დააკლდა.
პირველი პერიოდის ბოლოს ოლიმპელთა ერთ-ერთმა ლიდერმა კენდრიკ ტომპსონმა ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა, თუმცა მისმა გუნდმა ბრძოლა განაგრძო და ძლიერ მეტოქეს არ რჩებოდა. შეხვედრა ბოლო წუთებამდე დაძაბულად გაგრძელდა და საბოლოოდ ქვემოქართლელთა 2-ქულიანი გამარჯვებით – 89:87 (სტატისტიკა) დასრულდა.
რუსთაველებს 27 ქულით, 8 პასითა და 7 მოხსნით მალიქ უაიტმა ულიდერა. 17 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი მაიკლ დევისმა მიითვალა. 11-11 ქულა მერაბ ბოქოლიშვილმა და ჯილან ვაშინგტონმა მიითვალეს. ოლიმპში 27 ქულით, 10 მოხსნით და 6 პასით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე. 15 ქულა ბუნდუ აბდულაის ანგარიშზე დაგროვდა.
მეორე მატჩში ერთმანეთს “ცხუმ-აფხაზეთი” და “ვერა” დაუპირისპირდნენ. ვერელები თამაშზე 8 კალათბურთელით გამოცხადდნენ, საიდანაც ვახტანგ ქადარიას არ უთამაშია. ვერელებმა იბრძოლეს და მოგების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ბოლომდე ვერ გაძლეს. ბოლო წუთებზე ვერას 2 მოთამაშე გაუვარდა და წაგებას ვერ ასცდა – 80:86 (სტატისტიკა).
ამ გამარჯვებით ცხუმ-აფხაზეთმა ცხრილში მე-3 ადგილი გაინაღდა. დარჩენილ ტურში ცხუმელებმა რომც წააგონ, რეგულარულ ჩემპიონატს მაინც მე-3 ადგილზე დაამთავრებენ. სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩები 17 და 18 აპრილს გაიმართება.