დინამოს დაგეგმილი და სოხუმის მოულოდნელი გამარჯვება (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

 გალერეა VIDEO

მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩები მოულოდნელი
შედეგით დასრულდა. თუკი “დინამოს” მიერ “ოლიმპის” ძლევა არავისთვის
იყო გასაკვირი, ქუთაისში “სოხუმის” გამარჯვება თითქმის სენსაციის კატეგორიას
განეკუთვნება.

ფინანსურ კრიზისში მყოფი “სოხუმი” პლეი ოფის
წინ ბოლო ლეგიონერმა დატოვა. ვაჟა კვარაცხელიას გუნდის წამყვანმა მეფარემ, ჯერემი საიმონსმა
აზიას მიაშურა და კარიერას საუდიის არაბეთში აგრძელებს. მის გარეშე დარჩენილმა სოხუმელებმა
კი გმირობის ტოლფასი გამარჯვება მოიპოვეს ქუთაისში, გუნდთან, რომელმაც რეგუარულ ჩემპიონატში
“დინამო” 2-ჯერ დაამარცხა და ცხრილში მე-3 ადგილი დაიკავა.

სოხუმელებმა თავიდანვე დაანახვეს მასპინძლებს, რომ ქუთაისში
მოსაგებად იყვნენ ჩასულნი. პირველი მეოთხედის 2 ქულით მოგების შემდეგ სტუმრებმა კიდევ
უფრო მძლავრი პერიოდი ჩაატარეს და დიდი შესვენებისთვის უკვე 12 ქულით იგებდნენ –
44:32.

მასპინძლებმა ვითარება ვერც მეორე ტაიმში გამოასწორეს.
მესამე მეოთხედში ერთ მუშტად შეკრულმა სოხუმელებმა ლიდერობა კიდევ 2 ქულით გაზარდეს
და გადამწყვეტ ათწუთეულს დამაჯერებელი ლიდერობით შეხვდნენ – 63:49.მასპინძლები ბოლოს
გამოერკვნენ, მაგრამ გვიან იყო. შეუპოვრად მებრძოლმა სუხუმელებმა ქუთაისელებს მიახლოვების
საშუალება აღარ მისცეს და გმირობის ტოლფასი გამარჯვება მოიპოვეს – 78:67.

ძნელია, “სოხუმის” რომელიმე კალათბურთელის
გამორჩევა. ყველამ, ვინ მოედანზე გავიდა, გამარჯვებისთვის მაქსიმუმი გაიღო. 18 ქულით
ბომბარდირი ირაკლი ჩლაიძე გახდა, ხოლო სამმა სოხუმელმა ორმაგი დუბლი მიითვალა: ბექა
ბექაურმა 15 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა, რატო ბააკაშვილმა 10 ქულა და 10 პასი, ხოლო
ვახტანგ ქადარიამ თავი 10 ქულას და 10 მოხსნას მოუყარა. ქუთაისელთაგან 20 ქულა და
9 პასი ზაურ ფაშაევის ანგარიშზეა, ლევან ცეკვავამ 14 ქულა დააგროვა, ხოლო რევაზ დიდიამ
– 13.

მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი ხვალ ისევ ქუთაისში
გაიმართება, რის შემდეგაც სერია თბილისში გამოინაცვლებს.

რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა “დინამომ”
გამარჯვებით დაიწყო მეოთხედფინალური სერია “ოლიმპთან”. ეს არც იყო გასაკვირი,
რადგან დინამოელები ჩემპიონობითს ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტებად მიიჩნევიან, “ოლიმპი”
კი შედარებით მოკრძალებული ამბიციიაა. დავით თორთლაძის გუნდმა რეგულარული ჩემპიონატი
მე-8 ადგილზე დაასრულა და პლეი ოფში ბოლო გუნდად გავიდა.

დინამოელებმა თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვეს და
მეორე ტაიმში მოედანზე სათადარიგოებს დაეთმოთ ასპარეზი. შესაბამისად, ეს მატჩი მიმდინარე
სეზონში უნიკალური გამოდგა იმით, რომ მისმა მონაწილე 24-ივე კალათურთელმა ქულა მოიპოვა.
ყველაზე მეტი – 20 ქულა ქიენ კარტერმა დააგროვა, რომლის “დინამომაც” საბოლოოდ
38-ქულიანი გამარჯვება მოიპოვა – 103:65.

სერიაში “დინამოსა” და “ოლიმპის”
მეორე დაპირისპირება ხვალ, თბილისის სპორტის სასახლეში, 18:00 საათზე გაიმართება.
დინამო -ოლიმპი  103:65
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი):
დავწინაურდით, თუმცა სერია 3 მოგებამდე გრძელდება. ამიტომ ვემზადებით ხვალისთვის. ვფიქრობ,
,,ოლიმპი’’ უკეთეს ადგილს იმსახურებდა ცხრილში. ჩვენ ვეცდებით, მეორე მატჩშიც მივაღწიოთ
წარმატებას.
დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი):
ეს მატჩი მოულოდნელი შედეგით არ დამთავრებულა. ნამდვილად გამიხარდა, რომ ,,დინამოს’’
შევხვდით. უძლიერი გუნდია და მათთან მატჩები პლეი აუტის თამაშებისთვის მოსამზადებლად
გამოგვადგება. ჩვენ შესწავლილი გვქონდა მათი კომბინაციები, მათ კი ჩვენი, თუმცა კლასით
ჩვენზე მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ და ამიტომ დიდი ანგარიშით დავმარცხდით.

ბექა ნადირაძე(,,ოლიმპი’’): მივულოცავ
,,დინამოს’’ გამარჯვებას. მართლაც უძლიერესი გუნდია. სამწუხაროდ, დღეს დიდი ანგარიშით
დავმარცხდით, თუმცა მოვემზადებით მომდევნო შეხვედრისთვის. 
ქუთაისი – სოხუმი  67:78
მატჩისშემდგომი კომენტარები
ვაჟა კვარაცხელია (სოხუმის მთავარი მწვრთნელი): ძალიან დაძაბული და ემოციური თამაში გამოვიდა და დარბაზშიც, როგორც ყოველთვის გულშემატკივრის მხრიდან  ფანტასტიური ატმოსფერო იყო შექმნილი. ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, ძალიან მოინდომეს და სწორედ ამის ხარჯზე მოიპოვეს გამარჯვება. ქუთაისის გუნდს გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტად ვიყავით მონდომებულნი და ამასთან ფორტუნაც ჩვენს მხარეზე აღმოჩნდა. 
“ქუთაისის” მწვრთნელებს სუპერლიგის პრეს-სამსახური ვერ დაუკავშირდა.