დინამოს დაგეგმილი და ოლიმპის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 სტატისტიკა გალერეა

 გუშინ რეგიონებში დაწყებული სუპერლიგის მე-11 ტური დღეს
დასრულდა. თბილისში, სპორტკომპლექს „არენაში“ „მგზავრები-არმია“ „ოლიმპს“ შეხვდა, ხოლო
რუსთავში ადგილობრივმა გუნდმა გათამაშების ლიდერი „დინამო“ მიიღო.

სატურნირო თვალსაზრისით ორივე მატჩი საკმაოდ საინტერესო
გახლდათ. „რუსთავმა“ ბოლო მატჩები წააგო და დღესაც თუ ვერ იმარჯვებდა, ლიდერთა სამეულს
გვარიანად სცილდებოდა, „ოლიმპი“ და „მგზავრები“ კი აუტსაუდერები არიან და ამ სტატუსის
თავიდან ასაცილებლად იბრძვიან.

„რუსთავს“ რთული ამოცანა ჰქონდა გადასაჭრელი. ლიდერ
„დინამოს“ ამერიკელი ლეგიონერის, ტრავმირებული ტერენს ოგლსბის გარეშე დაუხვდა და წარმატების
მისაღწევად ძალისხმევასთან ერთად იღბლის წყალობაც სჭირდებოდა. ამ უკანასკნელს რუსთაველები
პირველ მეოთხედში ნამდვილად არ უჩივოდნენ. მასპინძლებმა „დინამოს“ კალათი სამქულიანებით
„ამოავსეს“ – ქაქუაცა აბაიშვილმა, მიხეილ ჭოჭუამ და ლევან ცეკვავამ ჯამში 5 სამქულიანი
ჩააგდეს და პირველ პერიოდში ქვემოქართლელები 16 ქულით დაწინაურდნენ – 24:8.

დინამოელებმა ვითარების გამოსწორება დაცვიდან დაიწყეს
და უკანა ხაზში საიმედო თამაშმა მათ შეტევაშიც გაუხსნა  გზა. გარიკ შერმანმა, მარკო პოპოვიჩმა, ბესიკ ლეჟავამ
მიზანი გაისწორეს და პირველი მეოთხდის დასრულებამდე სტუმრებმა ჩამორჩენა 9 ქულამდე
შეამცირეს – 21:30. თამაშის განახლებისთანავე დინამოელებმა შედეგიანობა გააგრძელეს
და ანგარიში ჯერ გაათანაბრეს (30:30), ხოლო დიდი შესვენებისთვის საიმედოდ დაწინაურდნენ
კიდეც – 54:45.

მესამე პერიოდში გამოჩნდა, რომ „რუსთავი“ თამაშის შემომტრიალებელი
აღარ იყო. აღნიშნული პერიოდი თბილისელებმა 15:9 მოიგეს და მასპინძლები საბოლოოდ გატყდნენ.
„დინამოს“ უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა და გამარჯვებულის ვინაობაც საფინალო სირენამდე
საკმაო ხნით ადრე გაირკვა.

დინამოელთა შორის საუკეთესო შედეგი გარიკ შერმანმა დააფიქსირა
– 20 ქულა და 9 მოხსნა. 17 ქულა დააგროვა ბესიკ ლეჟავამ, ლაშა გამყრელიძის ანგარიშზე
კი 16 დაგროვდა. მასპინძელთაგან გამორჩეული შედეგი დააფიქსირა მიხეილ ჭოჭუამ, რომელმაც
34 წუთში 34 ქულა დააგროვა. აკაკი დვალიშვილმა მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი – 10
ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.

სპორტკომპლექს „არენაში“ გამართული შეხვედრა უფრო თანაბარი
და შესაბამისად დაძაბული გამოდგა. ამერიკელი ლეგიონერებით გაძლიერებული „მგზავრები-არმიამ“
წინა ტურში ბათუმში იმარჯვა და ცხადია, ცხრილში მეზობელ „ოლიმპთანაც“ მხოლოდ მოგებას
გეგმავდა.

არმიელები ალბათ მოიგებდნენ კიდეც, რომ არა ოლიმპელთა
სერბი ლეგიონერი. მარკო დუიკოვიჩის შემჩერებელი „მგზავრებში“ ვერავინ მოიძებნა. ტანმაღალმა
ბალკანელმა 16-დან 11 ორქულიანი ჩააგდო, ჯამში 25 ქულა მოაგროვა და ამას 20 მოხსნა
მოაყოლა. ასეთი შედეგიანობის ფონზე „მგზავრები-არმია“ ნიადაგ მდევრის როლში იყო და
„ოლიმპთან“ მიახლოებას ვერ ახერხებდა.

ბოლო წუთებზე ვითარება მაინც დაიძაბა. ამერიკელი ადრიკ
მაკკინლისა და განსაკუთრებით მერაბ ბოქოლიშვილის შედეგიანობით „მგზავრები“ „ოლიმპს“
3 ქულით მიუახლოვდნენ, თუმცა დასკვნით წუთნახევარში გია კაზანჯიანის გუნდმა აკურატულად
ითამაშა – ნუგზარ აბულაძემ და ნოდარ გოგოემ მეტოქის მიერ აღებული ტაქტიკური ჯარიმები
გამარჯვების მომტან ქულებად აქციეს.

სერბთან ერთად „ოლიმპში“ უკრაინელი ლეგიონერიც გამოირჩა.
დენის ნოსკოვმა 17 ქულა და 9 მოხნა მიითვალა, ნუგზარ აბულაძის ანგარიშზე კი 13 ქულა
დაგროვდა. „მგზავრებ-არმიაში“ ბომბარდირი 24 ქულის მიმთვლელი მერაბ ბოქოლიშვილი გახდათ,
ადრიკ მაკკინლისა და რევაზ ათანელიშვილის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლები დაგროვდა. პირველმა
16 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, ხოლო რევაზმა თავი 12 ქულასა და 11 მოხსნას მოუყარა.

სუპერლიგაში 20-დღიანი შესვენება გამოცხადდა. მანამდე
კი სუპერლიგის გუნდები საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალში მოსინჯავენ ძალებს.

რუსთავი – დინამო   81:91

მატჩისშემდგომი
კომენტარები

მიხეილ ბერუაშვილი,
„რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:

„ვულოცავ „დინამოს“ გამარჯვებას. რაც შეეხება მატჩს,
თამაში ცუდად არ დავიწყეთ და დიდი სხვაობითაც ვიგებდით, მაგრამ მეორე პერიოდიდან ვეღარ
მოვახერხეთ გარედან ჩაგდება და ამით მეტოქემ ისარგებლა. გამოჩნდა ხარვეზები, რომლებზეც
სამუშაო გვაქვს“.

ირაკლი ხოშტარია,
„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:

„რუსთავი“ ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია და თან საკუთარ
ქალაქში თამაშობდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ ყოფილა, რაც დასაწყისში მოხდა.
რუსთაველებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა ჩვენ სწორი ტაქტიკა დავუპირისპირეთ
და მეორე მეოთხედიდან ვითარება გამოვასწორეთ. შეგვეძლო უფრო დიდი სხვაობითაც მოგება,
თუმცა თავის გამოჩენის საშუალება ყველა მოთამაშეს მივეცი“.

 მგზავრები-არმია – ოლიმპი  79:84
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი):
პირველ რიგში, მივულოცავ მოწინააღმდეგეს გამარჯვებას. რაც შეეხება თამაშს, დაძაბული
შეხვედრა იყო, ბევრი შეცდომა დავუშვით და ვერ მივაღწიეთ იმ შედეგს, რასაც ველოდებოდით.
მსაჯობით უკმაყოფილო ვარ, ბევრ შეცდომას ჰქონდა მათი მხრიდან ადგილი. ჩემს გუნდს წარმატებებს
ვუსურვებ მომავალში და შევეცდებით შეცდომები გამოვასწოროთ.
გია კაზანჯიანი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი):
მადლობა ბუბას მოლოცვისთვის. ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო, ცხრილში გვერდიგვერდ იყვნენ
ჩვენი გუნდები და გამარჯვებული მე-6 ადგილზე გადადიოდა, ამიტომ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი
იყო ეს გამარჯვება, მითუმეტეს, რომ პირველ წრეში ,,მგზავრები-არმიასთან’’ დავმარცხდით.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ბევრი დავალება, რაც ბიჭებს დაცვაში ჰქონდათ, ვერ შეასრულეს.
თუმცა მოწინააღმდეგესაც დავაშვებინეთ 20 შეცდომა და გავიმარჯვეთ. სამქულიანების პროცენტი
ისევ დაბალი გვაქვს, 10 ჯარიმა ავაცილეთ და ასეთი თამაშით ძალიან გაგვიჭირდება მომავალში.
მინდა აღვნიშნო ბუბას კარგი მწვრთნელობა, მისი ხელმძღვანელობით პირველი წრიდან მოყოლებული  ,,მგზავრები-არმია’’ ძალიან უმატებს. ბუბას სახით
საქართველოს ჩემპიონატს ძალიან კარგი მწვრთნელი შეემატა.
საბა ლობჯანიძე(,,ოლიმპი’’): ძალიან დაძაბული
ბრძოლა იყო ბოლო წუთებამდე. გამიხარდა, რომ გავიმარჯვეთ. წინა თამაშის წაგების შემდეგ
და სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისითაც, ეს მოგება ნამდვილად გვჭირდებოდა. იმედია,
გამოვასწორებთ სამომავლოდ იმ შეცდომებს, რომლებიც ამ თამაშში დავუშვით.