სუპერლიგის მე-5 ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს “დინამო” და “კაკტუსი” დაუპირისპირდნენ. ორივე გუნდისთვის ამ შეხვედრის შედეგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. “კაკტუსმა” სეზონის გამარჯვებით დაწყების შემდეგ ზედიზედ 3 მატჩი წააგო, სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა “დინამომ” კი ჩემპიონატი 2 წაგებით გახსნა, რასაც 2 მოგება მოაყოლა.
შესაბამისად, მოგება ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდებოდა: “დინამოს” პოზიციების გასამყარებლად და საჩემპიონო რბოლაში ჩასაბმელად, “კაკტუსს” კი ცხრილის ბოლოსთვის თავის დასაღწევად. მატჩი დინამოელთა უპირატესობის წარიმართა, რომელმაც პირველი და მეორე პერიოდები თანაბარი ანგარიშით – 19:16 მოიგო.
პირველ ნახევარში მოპოვებული ლიდერობა დინამოელებმა მეორეში გაიმყარეს, რაც წინა, ისე უკანა ხაზში გამართული და შედეგიანი თამაშის შედეგი გახლდათ. სამწამიან ზონაში ხორვატი ლეგიონერი დემაგოი ბუბალო დომინირებდა, პერიმეტრზე კი ჯორდან სვოპშირი, მიხეილ ჭოჭუა და მერაბ ბოქოლიშვილი აქტიურობდნენ. განსაკუთრებით გამოირჩა სვოპშირი, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო.
მესამე პერიოდი დინამოელებმა 29:27 მოიგეს, 8 ქულით გალიდერდნენ და როცა ბოლო მეოთხედში მათმა უპირატესობამ 15 ქულას მიაღწია, შეხვედრის ბედიც გაირკვა. “დინამომ” საბოლოოდ 88:73 იმარჯვა და სუპერლიგაში წარმატებული სერია 3 მატჩამდე გაზარდა. გამარჯვებულებს 22 ქულით ჯორდან სწოპშირმა ულიდერა. 20 ქულა და 19 მოხსნა ბუბალოს ანგარიშზე დაგროვდა. მიხეილ ჭოჭუამ 17, ხოლო მერაბ ბოქოლიშვილმა – 16 ქულა მიითვალა. “კაკტუსში” 20 ქულით საუკეთესო იყო ენტონი ჯენუარი, ბექა ჩიკვილაძის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა.
კაკტუსი – დინამო
სტატისტიკა: 73:88