დინამომ ტიტებს მოუგო და სუპერლიგაში დარჩენის შანსები მოემატა

დინამომ ტიტებს მოუგო და სუპერლიგაში დარჩენის შანსები მოემატა

“დინამო თბილისი”, რომელიც უიმედო აუტსაიდერად ითვლებოდა, ბოლო 2 მატჩი მოიგო და სუპერლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში ჩაება. ჟოლივეტ ტუჯანის გაწვრთნილი გუნდი, რომელსაც ამ ტურამდე 2 მოგება და 11 მარცხი ჰქონდა, ერთ-ერთ კონკურენტ “ტიტებს” ხვდებოდა. ბესო ლეჟავას გაწვრთნილ გუნდს თავის მხრივ 5 მოგება და 7 მარცხი ჰქოდა და შესაბამისად, გასავარდნ ზონას რომ ასცილებოდა, გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა.

არ გამოვიდა. დინამოელებმა მობილიზებით, ერთ მუშტად შეკრული გუნდის საკადრისად ითამაშეს და დამსახურებული გამარჯვებით სუპერლიგაში დარჩენის შანსები გაიორმაგეს. ტუჯანის გუნდმა თან იმაზე მეტი სხვაობით იმარჯვა, რამდენიც “ტიტებთან” პირველ წრეში ჰქონდა წაგებული. დინამოელებმა წინა შეხვედრა დღევანდელ ოპონენტთან 78:83 დათმეს, ახლა კი 85:77 (სტატისტიკა) იმარჯვეს და რეგულარული ჩემპიონატის ბოლოს თანაბარი ქულების შემთხვევაში ცხრილში “ტიტებთან” უპირატესობა მიენიჭებათ.

მატჩის დაწყებამდე “ტიტების” ვეტერანს, აკაკი ლომოურს გუნდის მენეჯერმა, გიორგი ჯაფარიძემ სამახსოვო საჩუქარი გადასცა სუპერლიგაში საიუბილეო – მე-300 მატჩის ჩატარებასთან დაკავშირებით. ლომოურისთვის მრგვალი ნიშნული წინა – “ოლიმპთან” გამართული შეხვედრა იყო, “დინამოსთან” მატჩი კი მისი 301-ე კარიერული მატჩი იყო სუპერლიგაში. 

დინამოელებმა თავიდანვე რომ მოიპოვეს უპირატესობა, მეტოქესთვის სანსი არ მიუციათ. “ტიტები” მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ და ცდილობდნენ ჩამორჩენის აღმოფხვრას, რის საშუალებასაც გამართულად მოთამაშე დინამოელები არ აძლევდნენ. თამაში ისე ჩამთავრდა, “ტიტებს” მოგების რეალური შანსი არ მისცემია. გამარჯვებულებს 24 ქულითა და 7 პასით ბენჯამინ ქოლეჯმა ულიდერა. 12 ქულა, 12 მოხსნა და 3 დაფარება ჯოშუა ნურსის ანგარიშზეა. ტიტებში 21 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო იყო ჯავიონ ოგუნიემი. 19 ქულა კრის პარკერის ანგარიშზეა.