“დინამომ” “თსუ-ჰიუნდაის” სერია 3:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა

“დინამომ” “თსუ-ჰიუნდაის” სერია 3:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა

დღეს სუპერლიგის მეორე ნახევარფინალისტი გამოვლინდა. მოქმედმა ჩემპიონმა “დინამომ” ლიგის დებიუტანტ “თსუ-ჰიუნდაის” 78:74 სძლია და მეოთხედფინალური სერია 3:1 მოიგო. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა რეგულარული ჩემპიონატი თსუ-ჰიუნდაელთა შემდეგ, მე-5 ადგილზე დაასრულეს, თუმცა პლეი ოფში ძალთა სულ სხვა თანაფარდობა ვიხილეთ. “დინამომ” მაღალ დონეზე ჩაატარა მეოთხედფინალური სერია, რომლის მხოლოდ ერთი მატჩი დათმო.

დღევანდელ მატჩში “დინამომ” სწორედ იმ ეპიზოდში მოუმატა, სადაც საჭირო იყო. არადა, თავიდან ხოშტარიას გუნდი კარგა ხანს აგებდა. პირველი პერიოდის შემდეგ ანგარიში თსუ-ჰიუნდაელებს მიჰყავდათ – 20:13. დიდი შესვენებისთვისაც ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი იგებდა – 42:34. ვითარება კარდინალურად შეიცვალა მესამე პერიოდში, როცა დინამოელებმა დაცვა გაამაგრეს და მეტოქის სამწამიანშიც გაბატონდნენ. დემაგოი ბუბალომ საჯარიმოში აშკარად აჯობა მეურვე რატკო პეტრიჩს, ხოლო ჯორდან სვოპშირმა პერიმეტრზე გაილაღა და არაერთი მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდო.

შედეგად “დინამომ” 27:15 მოიგო მესამე პერიოდი და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 4 ქულით დაწინაურდა. ბოლო მეოთხედში “თსუ-ჰიუნდაის” მოთამაშეები ბოლომდე იბრძოდნენ, მაგრამ “დინამომ” მოპოვებული უპირატესობა აღარ დათმო. კლასისა და გამოცდილების ხარჯზე ხოშტარიას გუნდმა მატჩი სასურველ შედეგამდე მიიყვანა და მოპოვებული გამარჯვებით ნახევარფინალში გავიდა.

დინამოელთაგან 22 ქულით ბომბარდირი გახდა ჯორდან სვოპშირი. 18 ქულა დააგროვა რეჯერ დოუელმა. 17 ქულა და 16 მოხსნა დემაგოი ბუბალოს ანგარიშზე დაგროვდა. “თსუ-ჰიუნდაიში” 23 ქულით საუკეთესო იყო ჯეიმს მილიკენი. 14 ქულა მარკუს პოზლიმ, ხოლო 11 – სანდრო სანაძემ მოაგროვა.

“დინამო” ნახევარფინალშია და მომავალ მეტოქეს “ქუთაისი”-“ტიტების” სერიიდან ელოდება, სადაც ანგარიში 2:0-ია ქუთაისელთა სასარგებლოდ.

დინამო – თსუ-ჰიუნდაი
სტატისტიკა: 87:74