დინამომ შსს მეორედაც დაამარცხა(მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

დინამომ შსს მეორედაც დაამარცხა(მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

„დინამო“ არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც რეგულარულ
ჩემპიონატში „შსს-აკადემიასთან“ დადებითი ბალანსი ექნება. 

დღეს, ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა
გუნდმა ჩემპიონატის ლიდერ აკადემიელებს დაძაბულ ბრძოლაში – 80:78 მოუგო. ამ გუნდების დაპირისპირება პირველ წრეში „დინამომ“ მოიგო
და გარდა იმისა, რომ ამ გამარჯვებით პირველ ადგილს ინაღდებდნენ, აკადემიელებს რევანშიც
ჰქონდათ ასაღები. დიდი მცდელობის მიუხედავად, გიორგის კეცელიდისის გაწვრთნილმა „ძალოვნებმა“
გამარჯვება ვერ მოახერხეს. „დინამომ“ გამართულად და შედეგიანად ითამაშა, რითაც გამარჯვება
 დაიმსახურა.

ეს იყო ლეგიონერთა ყველაზე მასიური დაპირისპირება. ორივე
გუნდს 4-4 უცხოელი ჰყავს, რომელთაგან 30 წუთზე ნაკლები არც ერთს არ უთამაშია. მატჩის
სირთულემ სწორედ ლეგიონერებზე გადაიარა, თუმცა გამოსარჩევია დინამოელთა ქართველი კალათბურთელის
– ბექა ჩიკვილაძის დიდებული თამაში. მისმა სამქულიანებმა და გონივრულმა გარღვევებმა
„დინამოს“ დიდი სამსახური გაუწიეს.

სანამ შეხვედრა დაიწყებოდა, სპორტის სასახლის ფიცარნაგზე
საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრები გამოვიდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ზურა ტომარაძის
გაწვრთნილმა ახალგაზრდებმა დონეცკში, საერთასორისო ტურნირი მოიგეს და ეს წარმატება
ნაკრების წევრებს ცენტრალური მატჩის მონაწილეებმა მიულოცეს.

თამაშის დებიუტში აკადემიელებმა 10-ქულიანი ლიდერობა
მოიპოვეს, მაგრამ მატჩი მალე გათანაბრდა და მთელი მეორე ტაიმი ქულა-ქულაში წარიმართა.
ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვებას. ორივე გუნდის წევრები
როგორც ფარქვეშ, ისე პერიმეტრზე შესანიშნავად თამაშობდნენ.

მესამე მეოთხედის ბოლოს ქიენ კარტერმა ზედიზედ 3 ორქულიანი
ჩააგდო და ამის წყალობით ხოშტარიას გუნდი მატჩის ბოლო შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით
გავიდა – 61:57. ეს მცირე სხვაობა მალევე გააბათილეს აკადემიელებმა – დეონტა ვონმა
სამიანი ჩააგდო, კირკ არჩიბექმა კი ფარქვეშიდან იყოჩაღა. ასე თანაბრად გაგრძელდა შეხვედრა
ბოლო წუთამდე და მატჩის ბედიც სწორედ უკანასკნელ წამებზე გადაწყდა. კირკ არჩიბექმა
ძალიან საჭირო მოხსნები მიითვალა მეტოქის ფარზე, თუმცა ამას შედეგი ვერ მოაყოლა – შსს-ს
ამერიკელმა ცენტრმა 4-დან 3 საჯარიმო ააცილა, რასაც დეონტა ვონის საფინალო სირენამდე
40 წამით ადრე აცილებული 2 საჯარიმოც მოჰყვა. აკადემიელებმა ვერაფრით მოახერხეს იმ
2-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა, რომელიც „დინამომ“ ქიან კარტერის ჩაგდებული ბურთის
შემდეგ მოიპოვა. ბოლო წამებზე კეცელიდისის გუნდმა კარგად ითამაშა დაცვაში, მაგრამ შეტევაში
ვერ იხეირა და საბოლოოდ 78:80 დამარცხდა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია 

ირაკლი ხოშტარია(დინამო): მიხარია, რომ
გავიმარჯვეთ. პლეი ოფები ახლოვდება და თითოეული გუნდი ცდილობს თავისი მინუსების დანახვას
და გამოსწორებას. მართალია, სრული შემადგენლობა გვყავს, თუმცა მაქსიმუმი მაინც არ გვიჩვენებია.
კარტერმაც და ოლუიჩმაც კარგად ითამაშეს, მაგრამ ეს მათი ოპტიმალური ფორმა არ არის.. დაცვაში
ბევრი ხარვეზი გვქონდა, მთავარი პრობლემა ფარის წაგებაა. 11-დან 9 გუნდთან ფარი წაგებული
გვაქვს. მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს თავდადებისთვის და ბოლომდე ბრძოლისთვის.

გეორგის კესელიდისი(შსს აკადემია): დავმარცხდით
ერთ-ერთ კარგ გუნდთან, რომელსაც ძლიერი ლეგიონერები ჰყავს. სეზონის დასაწყისიდან ვამბობ,
რომ კარგი დაცვის გარეშე გამარჯვების მოპოვება წარმოუდგენელია, სუპერლიგის  თამაშები და საქართველოს თასიც სწორედ კარგი დაცვის
ხარჯზე მოვიგეთ. დღეს კი დაცვა ჩვენი მთავარი სისუსტე იყო, მეორე პერიოდში 50 ქულა
მივიღეთ. მსაჯებთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ჩემი აზრით, ბოლოს დეონტა ვონზე
ჯარიმა იყო. თუმცა ეს არაა გადამწყვეტი, ჩვენ ცუდი დაცვა ვითამაშეთ და ამიტომ წავაგეთ.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ითამაშა როგავამ, ეს სუპერლიგის აღმასრულებელ დირექტორს უნდა ჰკითხოთ.
რეზოს დღეს საღამოს 20-წლამდელების თამაში აქვს.  ის მხოლოდ 19 წლისაა და მე ჩემს მოთამაშეებს ვუფრთხილდები.

გიგი ორმოცაძე(დინამო): როგორც იქნა,
გუნდი შევიკრიბეთ და შევიკარით. ამ გამარჯვებით დავამტკიცეთ, რომ ჯერ კიდევ ფორმაში
ბოლომდე შეუსვლელ ,,დინამოს’’ ასეთი კარგი თამაში შეუძლია. როცა ყველა ოპტიმალურ ფორმაში
იქნება, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ შედეგს ვაჩვენებთ.

კირკ არჩიბეკი(შსს აკადემია): მივულოცავ მეტოქეს
გამარჯვებას. საკმაოდ კარგი გუნდია. დაცვაში პრობლემების გამო წავაგეთ და ბოლოს აცილებულმა
საჯარიმოებმაც იქონია შედეგზე გავლენა. დიდი ხანია არ წაგვიგია და ეს მარცხი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იქნება. წინ პლეი ოფებია და მაქსიმალურად მოვემზადებით. 
შსს აკადემია – დინამო  78:80