სტატისტიკა გალერეასუპერლიგის ფინალურ
სერია გრძელდება. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა ,,დინამომ’’ დიდი დანაკლისის მიუხედავად
„შსს-აკადემიის“ დამარცხება მოახერხა და საჩემპიონო სერიაში ჩამორჩნა მინიმუმამდე შეამცირა
– 1:2.
მატჩი თანაბარი
და საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რაზეც ანგარიშიც მიუთითებს. დინამოელებმა შეხვედრა მინიმალური
სხვაობით – 72:71 მოიგეს. მატჩის მსვლელობისას ლიდერი 13-ჯერ შეიცვალა, თანაბარი ანგარიში
კი 11-ჯერ დაფიქსირდა.
პირველი მეოთხედი
აკადემიელებმა 19:18 მოიგეს, თუმცა დინამოელებმა პასუხი დიდ შესვენებამდე დააბრუნეს
და დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. მეორე პერიოდის ბოლო წამზე, სირენის
თანხლებით ბესო ლეჟავამ მოედნის ცენტრიდან სამქულიანი ჩააგდო.
დინამოელებს აკლდათ
ილია ლონდარიძე, რომელმაც წინა მატჩში სათამაშო სიტუაციაში ცხვირი გაიტეხა. მიუხედავად
ამისა, გარიკ შერმანმა ფარქვეშ ტოლი არ დაუდო აკადემიელ მეფარეებს და „დინამომ“ რომ
იმარჯვა, მისი დიდი დამსახურებაცაა.
მატჩის ბედი ფაქტობრივად
ბოლოსწინა წუთზე გადაწყდა, როცა რევაზ დიდიას სამქულიანის შემდეგ „დინამო“ 5 ქულით
დაწინაურდა. აკადემიელები ეცადნენ, თუმცა მაქსიმუმი, რაც მოახერხეს, ჩამორჩენის მინიმუმამდე
შემცირება იყო.
გამარჯვებულებს
18 ქულით რევაზ დიდიამ ულიდერა, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო. გარიკ შერმანმა შეხვედრა
ორმაგი დუბლით – 16 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა. 15 ქულა და 9 მოხსნა დაუგროვდა
ბესო ლეჟავას. „შსს-აკადემიაში“ 23 ქულით საუკეთესო შედეგი გიორგი ცინცაძემ დააფიქსირა.
14 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა ნიკა მეტრეველის ანგარიშზე, 13 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა
შეხვედრა გიორგი შარაბიძემ.
ფინალური სერიის
მორიგი, მეოთხე მატჩი ხვალ, 26 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): გამოუვალ
მდგომარეობაში ვიყავით, დღევანდელი წაგების შემთხვევაში სრულდებოდა სერია. რთულ სიტუაციაში
ვართ, მარკო პოპოვიჩის შემდეგ მეორე ლიდერიც, ილია ლონდარიძეც გამოგვაკლდა. პრაქტიკულად,
ხუთეულზე და კიდევ 1-2 მოთამაშეზე გადადის მთელი თამაში. მინდა მადლობა მოვუხადო ბიჭებს, რომლებმაც ბოლომდე
იბრძოლეს. უხერხული იქნებოდა სერიის მშრალი ანგარიშით წაგება. შევეცდებით, ხვალაც ღირსეული
წინააღმდეგობა გავუწიოთ მეტოქეს.
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
მივულოცავ ,,დინამოს’’ღირსეულ გამარჯვებას. როგორც ბოლო პრესკონფერენციაზე ვთქვი, ამიხდა
ყველაფერი.. დიდი სხვაობით მოგებული თამაშის შემდეგ დავმარცხდით. თუმცა სერია გრძელდება..
მოლოდინი და სურვილი გვქონდა, რომ დღეს დაგვემთავრებინა სერია, მაგრამ ,,დინამო’’ არ
არის ის გუნდი, რომელსაც სამ თამაშს ზედიზედ მოუგებ. მოვემზადებით ხვალინდელი თამაშისთვის,
დღეს ბევრი შეცდომა დავუშვით, 18 დაკარგვა გვქონდა, რაც ძალიან ბევრია და დავისაჯეთ.
ვეცდებით, ხვალ უფრო მობილიზებულები გამოვიდეთ და ნაკლები შეცდომა დავუშვათ.