დინამომ რუსთავს სერია გაუთანაბრა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

 სტატისტიკა
გალერეა VIDEOმოქმედმა ჩემპიონმა და რეგულარული ჩემპიონატის მომგებმა
„დინამომ“ ნახევარფინალური სერიის მეორე შეხვედრა მეტი მობილიზებით ჩაატარა და „რუსთავს“,
რომელთანაც პირველი შეხვედრა 82:84 წააგო, 8-ქულიანი სხვაობით სძლია.

შედეგად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა, თუმცა რუსთაველებს
თბილიდან მოედნის უპირატესობა მიაქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი რუსთავში ორივე საშინაო
მატჩს მოიგებენ, სერიაში გაიმარჯვებენ. საბოლოო შედეგამდე ჯერ შორია, დღევანდელ მატჩში
კი დიდი ბრძოლა გაიმართა. მართალია, დინამო მეორე ტაიმიდან ლიდერობდა, თუმცა რუსთაველები
დიდი დანაკლისის მიუხედავად არ რჩებოდნენ და წარმატების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდნენ.

აღნიშვნის ღირსია, რომ რუსთაველებს აკლდათ  სერიის პირველ მატჩში ტრავმირებული მიხეილ ჭოჭუა,
რომელიც გუნდის ლიდერია და წინა შეხვედრის ბომბარდირიც გახდა. ჭოჭუას არყოფნაში რუსთაველებმა
წარმატებით გააგრძელეს სამქულიანების სროლა, მაგრამ ამ გამოწვევას „დინამო“ მომზადებული
შეხვდა და საბოლოოდ გამარჯვებასაც მიაღწია.

დინამოელთაგან 21 ქულით ბომბარდირი ბესო ლეჟავა გახდა,
13 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა ილია ლონდარიძემ, გიორგი გამყრელიძის ანგარიშზე კი შთამბეჭდავი
ორმაგი დუბლი – 16 ქულა და 12 პასი დაგროვდა. რუსთაველთაგან 22 ქულით საუკეთესო იყო
ტერენს ოგლზბი, აკაკი დვალიშვილის ანგარიძე კი 14 ქულა და ამდენივე მოხსნა დაგროვდა.

სერიის მომდევნო მატჩი რუსთავში, 16 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი
მწვრთნელი): სერიას 0:1
 ვაგებდით და დღეს მარცხი კატასტროფის
ტოლფასი იქნებოდა. მართალია სერია 3 მოგებამდე გრძელდება, თუმცა შემდეგი 2 თამაში რუსთავში
გვაქვს, ამიტომ ძალიან რთული იქნებოდა. მინდა დღეს მადლობა ვუთხრა ჩემს მოთამაშეებს,
შეიძლება ბოლომდე სასურველი თამაში ვერ აჩვენეს, თუმცა ბოლომდე იბრძოლეს. გუშინ რა
პრობლემაც გვქონდა დისციპლინასთან დაკავშირებით, დღეს ეს გამოსწორებული იყო. მივესალმები
,,რუსთავის’’ გუნდს, იმედია სასიამოვნო თამაშები გვექნება და ასევე მშვიდობიან და კარგ
რეჟიმში გაგრძელდება სერია.

ბადრი კიკვიძე(,,რუსთავის’’ მწვრთნელი):
პირველ რიგში, მივულოცავ ,,დინამოს’’ და ირაკლის გამარჯვებას. რაც შეეხება თამაშს,
ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით როგორც დაცვაში, ისე შეტევაში . ამის მიუხედავად, მადლობა
ბიჭებს ბოლომდე ბრძოლისთვის. ერთი პატარა მინიშნება მაქვს მსაჯების მიმართ: რას ნიშნავს,
როცა თამაშის განმავლობაში ერთი გუნდი 27 ჯარიმას ესვრის და მეორე – ხუთს ?!