სტატისტიკამე-3 წრის ცენტრალურ მატჩს ქუთაისმა უმასპინძლა. ერთმანეთს
სუპერლიგის ლიდერები – პირველ ადგილზე მყოფი „დინამო“ და მეორეადგილოსანი „ქუთაისი“
დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ თანაბარი, დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომელსაც
ისეთი ფინალი აღმოაჩნდა, რასაც ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის
სასახლეში შეკრებილი მაყურებელი ნამდვილად არ ელოდა.
თუ არ ჩავთვლით პირველ პერიოდს, რომელიც „დინამომ“
30:14 მოიგო, თითქმის მთლი შეხვედრა თანაბრად მიმდინარეობდა. არაერთხელ დაფიქსირდა
თანაბარი ანგარიში და როცა შეხვედრის დასრულებმდე 2:35 წუთით ადრე ზაურ ფშაევის მიჯრით
მითვლილი 6 ქულის შემდეგ ანგარიში 75:75 გახდა, ყველა დაძაბული ფინალის მოლოდინში იყო.
სწორედ ამის შემდეგ მატჩის ბედი მალევე გაირკვა. წუთშესვენების
შემდეგ დინამოელები ისე შედეგიანად ათამაშდნენ, რომ გამარჯვება გაინაღდეს. ამერიკელმა
დეონტა ვონმა სამქულიანი, შემდეგ კი ორიანი მიითვალა, რასაც მიხეილ ბერიშვილმა ზუსტი
შორი სროლაც მოაყოლა და მატჩის დასრულებამდე 1:30 წუთით ადრე დინამოელები 83:75 დაწინაურდნენ.
ყველაფერს წერტილი იმავე ვონმა დაუსვა, რომელმაც მორიგი სამქულიანით ანგარიში
86:75 გახადა და თბილისელებს გამარჯვება გაუნაღდა.
საბოლოოდ „დინამომ“ 90:78 მოიგო და სუპერლიგის ლიდერობა
გაიმყარა. თბილისელები მდევარ „ქუთაისს“ უკვე 5 ქულით უსწრებენ და ამ სხვაობის აღმოფხვრა
რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილ 7 ტურში არსებული რეალობით ფაქტობრივად შეუძლებელია.
„დინამოს“ დღევანდელ მატჩში დეონტა ვონმა ულიდერა, რომელმაც
22 ქულა და 8 პასი მიითვალა. 19 ქულა დააგროვა ლევან ფაცაციამ, 18 – ნიკოლა მარავიჩმა,
ხოლო მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. „ქუთაისში“ 19 ქულით ყველაზე შედეგიანი
გიორგი ცინცაძე გახლდათ. 14 ქულა ზაურ ფაშაევმა მოაგროვა, ხოლო აკაკი ლომოურმა მასპინძლებს
12 ქულა მიაშველა.
21-ე ტურის დასკვნითი 2 მტჩი 11 მარტს თბილისის ოლიმპიურ
სასახლეში გაიმართება. 14:00 საათზე „“კაკტუსი“ „რუსთავს“ შეხვდება, რის შემდეგაც ერთმანეთს
„მგზავრები“ და „სოხუმი“ დაუპირისპირდებიან.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია, (დინამოს მთავარი მწვრთნელი):
პირველ რიგში აუცილებლად უნდა აღვნიშნო ატმოსფერო, რომელიც ქუთაისის სპორტის სასახლეში სუფევს. მე ყველა გუნდს ვუსურვებ ისეთ სამაგალითო გულშემატკივარს, როგორიც ქუთაისს ყავს. რაც შეეხება თამაშს, ჩვენ მივეცით ქუთაისს იმ თამაშის საშუალება, რომელიც მათ ასე კარგად გამოსდით და ეს იყო ჩვენი მინუსი. გუნდის სასახელოდ კი უნდა ითქვას, რომ მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს ბრძოლისუნარიანობა – ჩვენ შეიძლება გვქონდა ტაქტიკური შეცდომები, მაგრამ ბრძლისუნარიანობის ხარჯზე გავიმარჯვეთ.
კოტე ტუღუში (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი):
ვეცადეთ, რომ მოგვეგო ეს თამაში, ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ დინამოს დამარცხება. თუმცა ვაგრძელებთ და მომავალს იმედიანად ვუყურებთ
ფოტო: დიმა კაციტაძე