სუპერლიგის მორიგი ტური დღეს ქუთაისში დაიწყო, სადაც სათამაშოდ ჩასული იყო სუპერლიგაში დასარჩენად მებრძოლი “დინამო”, რომელიც ამ მატჩამდე ბოლოსწინა ადგილზე იყო. მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილ გუნდს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა და დასახულ მიზანსაც მიაღწია, რაშიც ახალგაზრდა ვლადიმერ თავაქარაშვილის დამსახურება უდიდესია.
თავაქარაშვილმა ამ შეხვედრაში 9 ქულა და 3 სამქულიანი ჩააგდო, საიდანაც 2 სროლა მატჩის ბოლო წუთზე მიითვალა. პირველი სამიანით თავაქარაშვილმა ქულით დააწინაურა დინამო, ხოლო საფინალო სირენამდე 24 წამით ადრე მის ზუსტ ტყორცნას სტუმართა 4 ქულით გალიდერება მოჰყვა – 90:86. მანამდე თანაბრად, თითქმის სულ ქულა-ქულაში მიმდინარე შეხვედრის სასწორი დინამოელთა მხარეს გადაიხარა. მართალია, ლევან გრძელიძემ მოახერხა ზუსტი სამიანით ქუთაისელთა ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირება, თუმცა ტაქტიკური საჯარიმოები ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა ზუსტად შეასრულა და დინამო 92:89 (სტატისტიკა) დააწინაურა.
ქუთაისელებს წუთშესვენება აღარ ჰქონდათ და დარჩენილი 13 წამში ბურთი საკუთარი ფარქვეშიდან ჯერ დინამოელთა ნახევარზე გადაიტანეს და შემდეგ გამთანაბრებელი სამქულიანის სროლაც მოასწრეს. ჟოელ ალმეიდას საკვანძო სროლა დინამოელთა კალათის რკალს მოხვდა, მაგრამ ბადეში არ ჩაეშვა და თბილისელებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.
თბილისურ გუნდს 18 ქულით ლუკა ბულაშვილმა ულიდერა. მაიკლ ედვარდსის ანგარიშზე 16 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. 13-13 ქულა ნიკა დარბაიძემ და ალონზო უოკერმა მოაგროვეს. ქუთაისში საუკეთესო იყო ილია ლონდარიძე, რომელმაც სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მის 31 ქულასა და 10 მოხსნას ქუთაისელთა დამარცხებამ ელვარება დაუკარგა. 20 ქულა ჟოელ ალმეიდას ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო 13 – აკაკი დვალიშვილმა მიითვალა.
სუპერლიგის მომდევნო მატჩი 29 მარტს, ოლიმპიურ სასახლეში “ტიტებსა” და “ოლიმპს” შორის გაიმართება.
ფოტო: fb.com/bckutaisi2010