სუპერლიგის პლეი ოფი საოცრად დაძაბული მატჩით დაიწყო. რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასული “ქუთაისი” მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში პლეი ოფში ბრძოლით გასულ “დინამოს” შეხვდა და დრამატულ ბრძოლაში 1 ქულის სხვაობით – 93:94 (სტატისტიკა) დამარცხდა. სერიის მეორე მატჩი 7 მაისს თბილისში გაიმართება და თუკი ისევ დინამო იმარჯვებს, ნახევარფინალში გავა.
მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილმა დინამომ რეგულარული ჩემპიონატის 20 მატჩიდან 9 მოიგო და მე-7 ადგილი დაიკავა. ცხადია, ამ შედეგიდან გამომდინარე, დინამო-ქუთაისის წყვილში ფავორიტად ეს უკანასკნელი ითვლებოდა და ამ სტატუსს იმერული კლუბი პირველ ნახევარში ამართლებდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა პირველი მეოთხედი 27:11 მოიგეს, მეორე პერიოდის შუაწელში კი 17 ქულითაც დაწინაურდნენ.
საერთოდ, ეს მატჩი გვარიანად უცნაური იყო იმის გათვალისწინებით, რომ ორივე გუნდი ისე იოლად კარგავდა უპირატესობას, როგორც ეუფლებოდა. ხსენებული 17-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ დინამოელებმა ზეშედეგიანად ჩაამთავრეს მეორე პერიოდი, ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს და მესამეში სოლიდურ ლიდერობას დაეპატრონნენ. ნომინალურმა ცენტრმა, მაიკლ ედვარდსმა, რომელიც მოგვიანებით მატჩის გმირი გახდა, მესამე პერიოდის საწყის წუთებში 2 სამქულიანი ჩააგდო, რასაც ჩატენვით მოპოვებული ორქულიანი მოაყოლა და დინამოელები დააწინაურა. ნიკოლოზ დარბაიძისა და ლუკა ბულაშვილის ზუსტი სროლების შემდეგ კი მუჰამედ ტაჩის გუნდი მესამე პერიოდის მე-4 წუთზე სულაც 10 ქულით – 61:51 გალიდერდა.
დინამოელებმა ლიდერობა პერიოდის ბოლომდე შეინარჩუნეს. ბოლო ათწუთეული და ქუთაისელთა შტურმი ერთდროულად დაიწყო. დეჯან რაითისა და ლუკ მეიერის სროლებით მასპინძლებმა კვლავ ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს და გამარჯვებას მიუახლოვდნენ. საფინალო სირენამდე 3 წუთზე ნაკლები რჩებოდა, როცა ტუღუშის გუნდი 90:80 იგებდა, თუმცა დინამოელებმა ისევ იძალეს: ალონზო უოკერი, ლუკა ბულაშვილი, ნიკოლოზ დარბაიძე – ამ მოთამაშეებმა ზედიზედ მითვლილი ქულების შემდეგ თბილისელთა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 89:90 და ბოლო წუთიც დაიწყო.
ქუთაისელთა პორტუგალიელმა ლეგიონერმა, ჟოელ ალმეიდამ საჯარიმოებით ქუთაისელები 92:89 გაალიდერა, რასაც ლუკა ბულაშვილის ორქულიანი მოყვა და დასრულებამდე 24 წამით ადრე მასპინძელთა ლიდერობა კვლავ მინიმუმამდე შემცირდა – 91:92. დინამოელებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს და კაჰიმ რენსომმა მხოლოდ 1 ზუსტი საჯარიმოთი ქუთაისელები 93:91 გაალიდერა. თბილისელთა ცენტრმა მაიკლ ედვარდსმა ისევ პერიმეტრზე აიწია, რომელმაც სამქულიანი ხაზიდან გვარიანად მოშორებით მიიღო ბურთი, მისმა მეურვემ ბლოკის გამო ედვარდსს სროლაში ხელი ვერ შეუშალა და საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე დინამო დაწინაურდა – 94:93.
ბოლო შეტევაში ქუთაისელებმა ბურთი დაკარგეს და შეხვედრაც დასრულდა. დინამოელებმა გმირობის ტოლფასი გამარჯვება მოიპოვეს და ნახევარფინალს მიუახლოვდნენ. გამარჯვებულებს 25 ქულით ბულაშვილმა ულიდერა. 16 ქულა ედვარდსმა მიითვალა, უოკერის ანგარიშზე კი 15 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. ქუთაისში 24 ქულით ლუკ მეიერი გამოირჩა, რომელმაც 8-დან 6 სამიანი ჩააგდო. 17-17 ქულა დეჟან რაითმა და ჟოელ ალმეიდამ დააგროვეს.
მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი თბილისში, 7 მაისს, 15:00 საათზე გაიმართება. ხვალ, 6 მაისს, სხვა მეოთხედფინალური სერიები (კაკტუსი-ვერა, ცხუმ-აფხაზეთი-ოლიმპი, რუსთავი-თსუ) სტარტს თბილისსა და რუსთავში აიღებენ.