დინამომ ქუთაისს სძლია და სუპერლიგას წაუგებლად ლიდერობს

დინამომ ქუთაისს სძლია და სუპერლიგას წაუგებლად ლიდერობს

 სტატისტიკა  გალერეასუპერლიგის მე-14 ტურით 2016 წლის მატჩები დასრულდა.
ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს ჩემპიონატის ლიდერები – „დინამო“ და „ქუთაისი“ შეხვდნენ.
ქუთაისელებს აქამდე 2 წაგება ჰქონდათ – „კაკტუსთან“ და „დინამოსთან“, ხოლო დინამოელები
ჩემპიონატს დაუმარცხებლად ლიდერობენ.

მატჩი ვერ გამოდგა ისეთი საინტერესო, როგორი ინტრიგაც
ახლდა. მართალია, თავიდან თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა და გუნდები ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ,
თუმცა პირველი პერიოდის მეორე ნახევარში დინამოელებმა მატჩის სადავეები ხელთ იპყრეს
და საწყისი ათწუთეული 28:17 მოიგეს.

„დინამომ“, რომელიც დაცვაშიც კარგად თამაშობდა და სწრაფ
კონტრშეტევებსაც შედეგიანად ახორციელებდა, უპირატესობას მეთოდურად ზრდიდა. დიდი შესვენებისთვის
თბილისელთა უპირატესობა 17 ქულამდე ავიდა. თუკი ქუთაისელებს რამის შეცვლა შეეძლოთ,
მესამე მერიოდში უნდა მოეხდინათ გარდატეხა, თუმცა პირიქით მოხდა. „დინამოს“ უპირატესობამ
25 ქულას მიაღწია და შეხვედრის ბედიც გაირკვა.

საბოლოოდ „დინამომ“ 92:75 გაიმარჯვა და სუპერლიგის
2 წრე დაუმარცხებლად დაასრულა. გამარჯვებაში 25 ქულით სოლიდური წილი დაიდო მიხეილ ბერიშვილმა.
19 ქულა მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზეა, ხოლო 17 ქულა და 7 მოხსნა ილია ლონდარიძემ მოაგროვა.
„ქუთაისში“ 18 ქულით ბომბარდირი „გოგა ცეკვავა გახდა, 17-17 ქულა დაუგროვდათ გიორგი
ცინცაძეს და გიორგი ბარბაქაძეს.
მატჩისშემდგომი კომენტარები

ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი):

– ამ მატჩისთვის ჩვენ კარგად მოვემზადეთ. შესწავლილი
გვქონდა მეტოქის თამაშის სტილი და შესაბამისი ტაქტიკაც დავგეგმეთ. ჩვენი გუნდის წევრებმა
მიღებული დავალებები კარგად შეასრულეს და შედეგიც სახეზეა. მთავარი ისაა, რომ აქამდე
წაუგებლად მოვედით და ვეცდებით, ეს ტემპი ჩემპიონატის ბოლომდე შევინარჩუნოთ“. 
კოტე ტუღუში (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): 
– მივულოცავ დინამოს ამ ღირსეულ გამარჯვებას. ჩვენ მაქსიმალურად მოვემზადეთ დღევანდელი თამაშისთვის, მაგრამ თამაშმა გვაჩვენა ნამდვილად არ არის საკმარისი ის რასაც ვაკეთებთ. უნდა მოვუმატოთ და მეტი გავაკეთოთ. პრაქტიკულად დავკარგეთ შანსი რომ რეგულარულში პირველ ადგილზე გავიდეთ, მაგრამ ბრძოლა საქართველოს ჩემპიონატისთვის გრძელდება. ძალიან ბევრი თამაში გვაქვს ჯერ კიდევ მოსაგები და ვეცდებით, რომ ყველაფერი კარგად გავაკეთოთ.