სუპერლიგის ფინალურ სერიაში “დინამო თბილისი” დაწინაურდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა სერიის მესამე და პირველი საშინაო მატჩი “ქუთაისს” 80:71 მოუგო და საერთო ანგარიშით – 2:1 გალიდერდა. ქუთაისში გამართულ 2 მატჩში ტიტულის მაძიებელმა გუნდებმა მოგებ-წაგება გაცვალეს და დღეს, თბილისში გაგრძელებულ სერიის მორიგ მატჩში უფრო ძლიერი მოქმედი ჩემპიონი დინამოელები აღმოჩდნენ.
შეხვედრის უმეტეს ნაწილს ქუთაისელები იგებდნენ. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო პერიოდის წინ 11-ქულიან ლიდერობასაც მიაღწია, თუმცა მატჩის დასკვნითი 5 წუთი “დინამოსი” იყო. მთელი ის შრომა, რაც ქუთაისელებმა მატჩის დაწყებიდან ბოლო პერიოდამდე ჩადეს და თამაშის მსვლელობისას ლიდერობით უფასდებოდათ, ბოლო წუთებზე წყალში ჩაეყარათ. მატჩის დასრულებამდე 5:30 წუთით ადრე სტუმრები 71:68 იგებდნენ და დარჩენილ დროში ბურთი ვერ ჩააგდეს (!). შეხვედრის ბოლო 5 წუთი დინამოელებმა 12:0 მოიგეს და… რთული ასახსნელია, თუ რატომ დაემართა “ქუთაისს” ასეთი რამ, მაგრამ ფაქტია: “დინამომ” მატჩის ბოლო 5 წუთში ყველაფერი შეძლო, რაც მთელი თამაშის მანძილზე არ გამოსდიოდა – დაცვა, პრესინგი, კომბინაციების გათამაშება და რაც მთავარია – სროლების მაღალი შედეგიანობით ჩაგდება.
“დინამომ” დამსახურებულად გაიმარჯვა და როგორც გითხარით, სერიაში 2:1 დაწინაურდა. თბილისელთა დღევანდელ წარმატებაში ლომის წილი მიუძღვის კაელ ტურპინს, რომელმაც მეტოქის ფარში მოთავსებული ბურთების უმეტესობა ეფექტური გდებით – ეგრედ წოდებული ჩატენვით დააგვირგვინა. ტურპინმა შეხვედრა 28 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა. 25 ქულა მოაგროვა ლაველ ბოიდმა, ხოლო რეივენ ლის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა. ილია ლონდარიძემ მატჩი 10 ქულით დაასრულა. “ქუთაისში” 24 ქულით საუკეთესო იყო დეჟან რაითი. 16 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა აკაკი დვალიშვილმა, ხოლო ბექა ბექაურმა 9 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა.
ფინალური სერიის მე-4 შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 28 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში “დინამო” ჩემპიონი გახდება, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩს 30 მაისს ქუთაისი უმასპინძლებს.
დინამო – ქუთაისი
სტატისტიკა: 80:71
სერიას იგებს დინამო – 2:1