ეპიდვითარების გამო გადადებული სუპერლიგის პირველი წრის 4 მატჩი 12 და 16 იანვრისთვის ჩაინიშნა. პირველ შეხვედრას თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა, სადაც მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილმა “დინამომ” “მგზავრები” 86:75 (სტატისტიკა) დაამარცხა. დინამოელებმა გადადებული 2 მატჩიდან პირველი საკმაოდ დამაჯერებლად, თანაც უშუალო კონკურენტს მოუგეს.
მგზავრებს დინამოელებზე 1-ით ნაკლები – 2 მოგება ჰქონდა მოპოვებული და გამარჯვების შემთხვევაში ცხრილში უთანაბრდებოდა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა მგზავრებმა გასულ მატჩში “ვერა” დაამარცხა და ინერციით დინამოს დამარცხებასაც გეგმავდა, მაგრამ ეს მისია შეუსრულებელი დარჩა.
დინამოელებმა გამართულად, კალათბურთის ძირითადი სათამაშო კომპონენტების შესრულებითა და დისციპლინის დაცვით ითამაშეს. შესაბამისად, მათ თამაშის განმავლობაში არც გასჭირვებიათ. დინამომ პირველი პერიოდი 21:11 მოიგო, მეორე პერიოდში აღებული ტემპი შეინარჩუნა და დიდ შესვენებაზე 19-ქულიანი ლიდერობით გავიდა.
თამაშის მეორე ტაიმში მგზავრებმა თამაში კი გამოასწორეს, მაგრამ იმხელა უპირატესობა ვერ მოიპოვეს, რომ ზემოთხსენებული სოლიდური ჩამორჩენა გაებათილებინათ. თამაში მცირედით ერთადერთხელ დაიძაბა, როცა ბოლო პერიოდის შუაწელში ანგარიშში სხვაობა 10 ქულამდე შემცირდა (73:63). დინამოელთა მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო, შესაბამისი დავალებები გასცა და თამაში თავისი გუნდისთვის კომფორტულ კალაპოტს დაუბრუნა.
საბოლოოდ დინამომ აუღელვებლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე და მიმდინარე სეზონში მე-4 გამარჯვება გაიფორმა. 24 ქულითა და 14 მოხსნით დინამოელებს ბარეტ ჯონსონმა ულიდერა. 21 ქულა და 5 პასი ლუკა ბულაშვილმა მიითვალა, ალონზო უოკერის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. მგზავრებში 15 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო შედეგი ტეილორ ედვეიმ დააფიქსირა. 18 ქულა ჯეიდონ კოჰმა, ხოლო 16 – ტროი სტიუარტმა მიითვალა.
პირველი წრის დარჩენილ ბოლო მატჩს დინამოც და მგზავრებიც 16 იანვარს გამართავს. დინამოელები კაკტუსს შეხვდებიან, მგზავრები კი რუსთავს დაუპირისპირდება.