სტატისტიკა გალერეასუპერლიგის მეორე წრის პირველი ტური დღეს, თბილისის სპორტის
ახალ სასახლეში დასრულდა. სათქმელია, რომ პირველი მატჩი – „რუსთავი“ – „სოხუმი“ ობიექტურ
მიზეზთა გამო გადაიდო და ის მოგვიანებით ჩატარდება, ხოლო მე-8 ტურის მე-3 შეხვედრა
დღეს გაიმართა.
სპორტის ახალ სასახლეში ერთმანერთს სუპერლიგის ლიდერი
„დინამო“ და „ოლიმპი“ შეხვდნენ. ამ გუნდებს შორის შედეგებში სხვაობა მნიშვნელოვანი
გახლდათ და ფავორიტად ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი „დინამო“ მიიჩნეოდა. საბოლოოდ ყველაფერი
დინამოელთა სასარგებლოდ დასრულდა. ჩემპიონატის ლიდერმა 8-ქულიანი, თუმცა უპრობლემოდ
მოპოვებული გამარჯვება მოიპოვა – 83:75.
მატჩის დებიუტი თანაბარი იყო. საწყისი პერიოდი დინამოელებმა
1 ქულით – 21:20 მოიგეს, ხოლო დიდ შესვენებამდე ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი გუნდი
6-ქულიანი ლიდერობით მივიდა – 37:31. მესამე პერიოდში ფავორიტად მიჩნეულმა გუნდმა ლიდერობა
კიდევ 3 ქულით გაიუმჯობესა და ბოლო პერიოდი ისე ჩაითამაშა, მის გამარჯვებას საფრთხე
არ დამუქრებია.
„დინამოს“ 24 ქულითა და 13 მოხსნით ილია ლონდარიძემ
ულიდერა. 18 ქულა და 8 პასი მიითვალა მიხეილ ბერიშვილმა, ნოდარ გოგოძის ანგარიშზე კი
11 ქულა დაგროვდა. „ოლიმპში 14 ქულით საუკეთესო იყო ლევან მასხულია, 13 ქულა და 7 მოხსნა
დააგროვა გეგი ბაქრაძემ.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
ლეონიდ ივატინი (ოლიმპის მთავარი მწვრთნელი):
„თამაშის მსვლელობისას, წუთშესვენებებზე და მეოთხედებს
შორის – ჩვენ ვამბობდით ერთს, რომ ტრანზიცია გამოგვსვლოდა, რაც დაცვაში დროულ დაბრუნებას
გულისხმობს. მიუხედავად ამისა, ეს ვერ მოვახერხეთ. მეტოქე სწრაფ შეტევაში უმეტესად
უმრავლესობაში იყო და წაგების მთავარი მიზეზიც ესაა. „დინამო“ ძლიერი და გამოცდილი
გუნდია, რთული იყო მის წინააღმდეგ თამაში და წარმატების მიღწევა“.
ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი):
„პირველ რიგში, ძალიან კარგია, რომ მოვიგეთ, თუმცა ძალიან
უკმაყოფილო ვარ – ყველაზე მეტად, მიმდინარე სეზონის განმავლობაში. მე ველაპარაკე ჩემს
მოთამაშეებს შესვენებაზე და მომავალშიც გავაგრძელებ ამ საუბარს. აქ იჩინა თავი ფსიქოლოგიურმა
პრობლემამ, მოტივაციის მოდუნებამ. ვინმეს თუ ჰგონია, ჩვენ რამე გავაკეთეთ, მოთამაშეები
მყავს მხედველობაში, არა. ყველაფერი არის წინ და ძალიან დიდი ბრძოლა გველის“.