სუპერლიგის მე-6 ტურის მორიგი მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. “დინამო თბილისმა” 1 ქულის სხვაობით – 80:79 სძლია “ოლიმპს” და წარმატებული სერია 4 მატჩამდე გაზარდა. “ოლიმპმა” კი ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა და 3-3 მოგებ-წაგებით ცხრილის შუაში განთავსდა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ისე, რომ ვერც ერთი გუნდი სოლიდურად დაწინაურებას ვერ ახერხებდა. მხოლოდ პირველ პერიოდში შეძლეს დინამოელებმა 9 ქულით გალიდერება, თუმცა სწრაფი შეტევებით “ოლიმპმა” მალევე მოახერხა ჩამორჩენის შემცირება და პირველი პერიოდის შემდეგ 19:25 აგებდა.
მეორე მეოთხედიდან გააქტიურდნენ ოლიმპელი ფორვარდები. განსაკუთრებით ნიკა დარბაიძე გამოირეჩიდა, რომელიც ფარქვეშ თამამად შედიოდა, სამქულიანიც ჩააგდო და როცა თანაგუნდელებმაც ხელი წააშველეს, “ოლიმპმა” დიდი შესვენებისთვის ლიდერობა მოიპოვა – 47:44. მესამე პერიოდიდან ქულა-ქულაში თამაში გაჩაღდა. გუნდები თანაბრად მივიდნენ ბოლო წუთამდე. “ოლიმპს” თანაბარ ანგარიშზე რამდენჯერმე ჰქონდა დაწინაურების შესაძლებლობა, მაგრამ მისმა მოთმაშეებმა შეტევა წარმატებით ვერ დააგვირგვინეს.
ბოლოსწინა შეტევაში დინამოელმა რეჯერ დოუელმა ორიდან 1 საჯარიმო ჩააგდო და “დინამო” 80:79 დააწინაურა. “ოლიმპს” თამაშეს გადასარჩენად 17 წამი ჰქონდა, თუმცა გადამწყვეტი სროლა გუნდის კაპიტან რევაზ როგავას აუცდა და დინამოელებმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმეს. 22 ქულით “დინამოში” ბომბარდირი რეჯერ დოუელი გახდა. 20 ქულა მიითვალა მერაბ ბოქოლიშვილმა, დემაგოი ბუბალოს ანგარიშზე კი 19 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. ორმაგი დუბლით (10 ქულა, 13 მოხსნა) დაასრულა შეხვედრა ჯორდან სვოპშირმა. “ოლიმპში” 21 ქულით და 10 მოხსნით საუკეთესო იყო მარკ ოგდენი, რევაზ როგავამ 14 ქულა მოაგროვა, ხოლო ნიკა დარბაიძემ – 12.
დინამო – ოლიმპი
სტატისტიკა: 80:79