გალერეა
სუპერლიგის მეორე
წრის მე-4ტური დღეს რეგიონებში – რუსთავსა და ქუთაისში დაიწყო. თუკი იმერეთში საინტერესო
ბრძოლა იყო, ქვემო ქართლის მატჩზე ამას ვერ ვიტყვით. ჩემპიონატის ლიდერმა “დინამომ”
რუსთავში იოლი გამარჯვება მოიპოვა – ირაკლი ხოშტარიას გუნდმა ქვემოქართლელები
101:79 დაამარცხა.
მატჩი ისე დაიწყო
და ისე ჩამთავრდა, “რუსთავს” წარმატების შანსი არ ჰქონია. დინამოელთა ჩერნოგორიელმა
ცენტრმა სტევან მილოშევიჩმა სამწამიან ზონაში ყველა ოპონენტი დაჯაბნა, მისი შემჩერებელი
რუსთაველებში არ მოიძებნა. მილოშევიჩმა პირველ მეოთხედსა და მეორე პერიოდის საწყის
3 წუთში 18 ქულა მოიპოვა და მოედანი ვალმოხდილმა დატოვა.
პირველი ათწუთეული
დინამოელთა 13 ქულიანი ლიდერობით დასრულდა, დიდი შესვენებისთვის კი სტუმართა ლიდერობა
20 ქულამდე გაიზარდა. რუსთაველებს არა უშავდათ უკანა ხაზში – ქაქუცა აბაიშვილი და რევაზ
ჩაჩანიძე სამქულიანებს ზუსტად ესროდნენ. ამ უკანასკნელმა 5-დან 5 სამიანი ჩააგდო. რუსთაველებმა
მთლიანობაში მეტოქეზე 6-ით მეტი სამქულიანი მიითვალეს, მაგრამ მეტოქის სწრაფ შეტევებს
და ფარზე ბატონობას ვერაფერი დაუპირისპირეს და საბოლოოდ 32 ქულით წააგეს.
დინამოელთაგან
სტევან მილოშევიჩი გამოირჩა, რომელმაც 30 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. შესანიშნავად
ითამაშა ზვიად ანთაძემ, რომელმაც თბილისელებს 15 ქულა და 7 მოხსნა მიაშველა. მილოშ
პესიჩმა კი შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. “რუსთავში” 19 ქულით ბომბარდირი
რევაზ ჩაჩანიძე გახდა, ქაქუცა აბაიშვილმა 11 მიითვალა, ლევან ხმელის ანგარიშზე კი
10 ქულა იყო.
მატჩისშემდგომი კომენტარები
რუსთავი – დინამო 79:101
ოთარ ხმელიძე(“რუსთავის”
მთავარი მწვრთნელი): თავიდანვე გამოჩნდა, რომ “დინამოს” დიდი უპირატესობა
ჰქონდა ფარქვეშ. სტევან მილოშევიჩმა ძალიან კარგად ითამაშა და თავიდან ძლიან ბევრი
ბურთი ჩაგვიგდო. ჩვენ მისი შეჩრება ვერ მოვახერხეთ და სამწამიან ზონაში მეტოქეს სრული
უპირატესობა ჰქონდა. მხოლოდ უკანა ხაზიდან თამაშს ვერ მოვიგებდით და მეორე ტაიმში შანსი
ახალგაზრდებს მივეცი, რომლებმაც თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს.
ირაკლი ხოშტარია(“დინამოს”
მთავარი მწვრთნელი): თამაშის დაწყებიდან მალევე გახდა ცნობილი, რომ მეტოქე წინააღმდეგობას
ვერ გაგვიწევდა. ეს მოსალოდნელიც იყო და მინდა ვთქვა, რომ გამარჯვების მოპოვება არ
გაგვჭირვებია. ჩვენ უფრო ძლიერ მეტოქეებთან საბრძოლველად ვემზდებით, რომლებთანაც მომავალ
ტურებში მოგვიწევს თამაში.
ქუთაისში გამართული
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თუ არ ჩავთვლით ბოლო მეოთხედს, “ქუთაისსა”
და “ბათუმს” შორის უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა. რამდენიმემატჩიანი შესვენების შემდეგ ზღვისპირელებს მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ კონეშავიძემ უთავკაცა. კობეშავიძე ავად იყო და დროიებით მის ადგილს გუნდის კაპიტანი – ივანე მაისურაძე იკავებდა. ბათუმელები თავიდანვე
დაწინაურდნენ და ლიდერობას მესამე პერიოდის ბოლო წამებამდე ინარჩუნებდნენ. პირველი
მეოთხედი სტუმრებმა 22:16 მოიგეს, მეორეში 21:25 დამარცხდნენ და დიდ შესვენებაზე
2-ქულიანილი დერობა შერჩათ.
ქუთაისელებს მთელი
მესამე პერიოდი დასჭირდათ საიმისოდ, რომ ანგარიში გაეთანაბრებინათ და როცა ბოლო პერიოდი
დაიწყი, ტაბლოზე 61:61 ენთო. მოსალოდნელი იყო, რომ დაძაბულობა ბოლომდე გასტანდა, თუმცა,
როგორც აღმოჩნდა, ბათუმელებმა მთელი ძალები საწყის 3 მეოთხედს შეალიეს. “ქუთაისმა”
ზაურ ფაშაევის, აკაკი დვალიშვილისა და გოგა ცეკვავას წინამძღოლობით სტუმრები ჩამოიტოვეს
და გამარჯვებამდე ისე მივიდნენ, შეხვედრა არ დაძაბულა. ბოლო ათწუთეული მასპინძლებმა
29:12 მოიგეს და სტუმრები ბათუმში დამწუხრეულები
გაუშვეს.
იმერულ კლუბში
აზერბაიჯანელი ზაურ ფაშაევი გამოირჩა 29 ქულითა და 7 პასით. 15 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა
აკაკი დვალიშვილმა, ხოლო ცეკვავას ანგარიშზე 15 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა.
ბათუმელებს ტრადიციულად უცხოელმა მოთამაშეებმა ულიდერეს – ჯერემი სეფოლდმა 24 ქულა
და 9 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ჯუნიორ ქედუგინმა 19 ქულას 7 პასიც მოაყოლა.
ტურის დარჩენილი
2 შეხვედრა ხვალ, 22 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ქუთაისი – ბათუმი 90:73
მიხეილ კობეშავიძე(,,ბათუმის” მთავარი
მწვრთნელი): რთული თამაში იყო, სამი პერიოდი ვიბრძოლეთ. მთელმა
გუნდმა წააგო. სამწუხაროა, რომ ლეგიონრებმა ვერ შეასრულეს დავალებები და ვერ გაამართლეს
ჩემი იმედები.
მედეა მხეიძე(,,ქუთაისის” მწვრთნელი):
ნამდვილად დაძაბული თამაში იყო. ბათუმმა სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწია და ყველაფერი
მესამე ათწუთეულის ბოლოს გადაწყდა. კარგი დაცვის ხარჯზე გავიმარჯვეთ და, ამასთან, პერიმეტრიდანაც
წაგვივიდა სროლები. ამ კომპონენტში განსაკუთრებით აქტიური იყო ზაურ ფაშაევი. მთლიანობაში
თამაში ძალიან ემოციურ ფონზე წარიმართა და მოხარულნი ვართ, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.
მივულოცავ ჩვენს ყველა გულშემატკივარს და ვფიქრობ, ეს წარმატება იქნება იმ ეტაპის საწყისი,
რომელსაც ასე ძალიან ველოდებით.