დინამომ ბათუმიც დაამარცხა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

დინამომ ბათუმიც დაამარცხა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სუპერლიგის მორიგი ტური თბილისის სპორტის სასახლეში
დღეს იმართება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს „დინამო“ და „ბათუმი“ დაუპირისპირდნენ.
გამარჯვება ფავორიტად მიჩნეულ დინამოელებს დარჩათ – 72:48.

საბოლოო ანგარიშიდან ჩანს, რომ ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა
გუნდმა იოლად მოიგო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბათუმელებმა თავიდან რიგიანად ითამაშეს
და პირველ ტაიმში უმეტესად წინ იყვნენ. პირველი მეოთხედი ზღვისპირელებმა 17:16 მოიგეს,
ხოლო მეორე პერიოდის დასაწყისშიც წინ იყვნენ, თუმცა სწორედ ამ მომენტში მოახერხეს დინამოელებმა
შეხვედრაში გარდატეხის შეტანა. გუნდური თამაშის წყალობით თბილისურმა გუნდმა ლიდერობა
მოიპოვა, მეოთხედი 17:8 მოიგო და დარჩენილ დროში უპირატესობა მხოლოდ მასპინძელთა სასარგებლოდ
იზრდებოდა. 

საბოლოოდ „დინამომ“ 24-ქულიანი გამარჯვება მოიპოვა. მასპინძელთაგან
19 ქულით საუკეთესო ფლინ კლაიმენი გახდა, ხოლო გამოჯანმრთელებულმა მილან ოლუიჩმა
16 ქულა-10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ბათუმელთა გუნდში 10-ქულიანი ზღვარი მხოლოდ
ლაშა კეშელავამ დაძლია, რომელმაც პირად ანგარიშზე 19 ქულა ჩაიწერა. კეშელავას 1 მოხსნა
დააკლდა ორმაგ დუბლამდე.

მორიგი მატჩი ცენტრალურია და მასში „შსს-აკადემია“
„სოხუმს“ დაუპირისპირდება.  
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

ირაკლი ხოშტარია(დინამო): კარგი თამაში
იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მომეცა საშუალება თითქმის ყველა მოთამაშეს მიეღო მონაწილეობა.
პირველი ნახევრით არ ვარ კმაყოფილი, თუმცა შემდეგ ნელ-ნელა გამოვასწორეთ. ვფიქრობ,
შეხვედრა მოვიგეთ უკეთესი შემადგენლობის ხარჯზე, ვიდრე ბათუმს ჰყავს.

მიხეილ კობეშავიძე(ბათუმი): მივულოცავ გამარჯვებულ
გუნდს. მართალია, იყო დაპირებები, რომ ჩვენი შემადგენლობა უნდა გაძლიერებულიყო, თუმცა
ეს ასე არ მოხდა. ვეცდებით, რისი საშუალებაც გვაქვს, იმით ვიბრძოლოთ.

გიორგი ორმოცაძე(დინამო): თავიდან ცოტა
გაგვიჭირდა, მაგრამ მეორე ნაწილში გამოვასწორეთ. მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ.

ნიკა რამიშვილი(ბათუმი): კარგად დავიწყეთ,
ყველაფერი სწორად გამოგვდიოდა. მეორე ნახევარში, შეიძლება ითქვას, დავიღალეთ და ვერ
მივაღწიეთ სასურველ შედეგს.

დინამო – ბათუმი 72:48