სტატისტიკა გალერეაVideo
თბილისის
„დინამო“ პირველი გუნდია, რომელიც სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა. ირაკლი ხოშტარიას
გაწვრთნილმა გუნდმა მეოთხედფინალური სერიის მესამე მატჩიც მოუგო „მგზავრები-არმიას“
და ნახევარფინალში მშრალი ანგარიშით გავიდა.
სერია
0:3 წააგო, მაგრამ „მგზავრები-არმია“, რომელმაც
რეგულარულ ჩემპიონატში ბოლო ადგილი დაიკავა, პლეი ოფს ღირსეულად ემშვიდობება. მოქმედ
ჩემპიონსა და რეგულარულის მომგებ დინამოელებს ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა „მგზავრები-არმიამ“
დიდი ბრძოლა გაუმართა. 3-დან 2 შეხვედრა ბოლო წუთებზე დათმო.
სერიის
პირველი შეხვედრა არმიელებმა 82:84 წააგეს, დღეს კი მესამე შეხვედრაში ბოლო წუთებამდე
უძალიანდებოდნენ ფავორიტად მიჩნეულ დინამოელებს. საბოლოოდ, „დინამომ“ მაინც გატეხა
„მგზავრები-არმია“ და მატჩის 83:72 მოგებით სერიაში გამარჯვება მოიპოვა.
დინამოელებს
24 ქულით ილია ლონდარიძემ ულიდერა. 12 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა გარიკ შერმანმა,
13 ქულით დაასრულა შეხვედრა ბესო ლეჟავამ, ხოლო გიორგი გამყრელიძის პირად ანგარიშზე
11 ქულა და 11 პასი დაგროვდა. „მგზავრები-არმიაში“ 14 ქულა და 10 მოხსნა ადრიკ მაკკინის
ანგარიშზეა, მერაბ ბოქოლიშვილმა კი შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.
ნახევარფინალში
,,დინამოს’’ მეტოქე ,,რუსთავისა’’ და ,,ოლიმპის’’ წყვილს შორის გამარჯვებული იქნება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’
მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ,,დინამოს’’ გამარჯვებას. შემიძლია ვთქვა,
რომ ბოლო 5 წუთში წავაგეთ თამაში. მაქსიმალურად ვიბრძოლეთ, თუმცა ბოლოს აღარ გვეყო
ძალები, ვერ გავაკეთეთ იმდენი, რომ გამარჯვებამდე მივსულიყავით. ვეცდებით სამომავლოდ
გამოვასწოროთ შეცდომები და ასეთივე შემართებით გავაგრძელოთ ასპარეზობა.
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი
მწვრთნელი): პირველ რიგში, მოვიგეთ სერია 3:0 და ნახევარფინალში
გადავედით, თუმცა სერიაში მშრალი ანგარიში არ ნიშნავს, რომ იოლი შეხვედრები გვქონდა,
პირიქით, ყველა თამაში რთული და დაძაბული იყო. მეტოქესთან შედარებით, ცოტა მეტი დრო
გვაქვს, რომ მოვემზადოთ და დაველოდოთ, ვინ გამოვა ნახევარფინალში. მინდა შემთხვევით
ვისარგებლო და ბუბას და ,,მგზავრებს’’ წარმატებები ვუსურვო. ჩვენ შევეცდებით, მომზადებულები
შევხვდეთ ნახევარფინალს. დიდი დანაკლისი გვაქვს, მარკო პოპოვიჩი, რომელიც მეორე წრიდან
დაგვემატა, რათა ის დანაკლისი შეევსო, რომელიც გვქონდა, ტრავმირებულია. შესაძლოა, ვეღარ
დაგვეხმაროს, ამიტომ ამ შემადგენლობით შევეცდებით ღირსეულად ვიასპარეზოთ ნახევარფინალში.
მერაბ ბოქოლიშვილი(,,მგზავრები-არმია’’):
მივულოცავ ,,დინამოს’’ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. წინა თამაშების მსგავსად,
დღესაც შეგვეძლო მოგება, ბოლო წუთებამდე დაძაბული და კარგი თამაში მიდიოდა, ბოლო 5
წუთში დაშვებულმა შეცდომებმა განაპირობა ჩვენი მარცხი. თუმცა ჩემპიონატი ჯერ არ დამთავრებულა,
დარჩენილი გვაქვს თამაშები და შევეცდებით, უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ.