დინამო ბათუმთან სერიაში 2:1 დაწინაურდა

დინამო ბათუმთან სერიაში 2:1 დაწინაურდა

 სტატისტიკა
 გალერეა„დინამო თბილისმა“, რომელმაცსუპერლიგის ნახევარფინალური
სერიის პირველი მატჩი 6 მაისს ბათუმში წააგო, მეორე დღეს მოპოვებულ გამარჯვებას დღეს
მეორე წარმატებული შეხვედრა მოაყოლა და საერთო ანგარიშით 2:1 დაწინაურდა.

დღეს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გამართულ მატჩს
დიდი ემოცია ახლდა. თამაში ხისტი და შეუპოვარი იყო, რაც უხეშობაში გადადიოდა და მსაჯებს
რამდენიმე ტექნიკურ ჯარიმასთან დისკვალიფიკაციისთვის მიმართვაც მოუხდათ. მოედნიდან
ბათუმელთა უკანახაზელი ივანე მაისურაძე გააგდეს, რისი მიზეზიც მეტოქეებთან შეხლა-შემოხლა
გახლდათ.

ეს ბოლო პერიოდში მოხდა, როცა დინამოელებს ხელჩასაჭიდი
უპირატესობა მოპოვებული ჰქონდათ. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა თბილისურმა გუნდმა შედეგიანი
მესამე პერიოდი ჩაატარა, რის შემდეგაც უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა.

დინამოელთა წარმტება მათ გუნდურ და დაცვით თამაშში იყო.
ბათუმელებს კი შეტევაში, შორი თუ ახლო სროლებისას ხშირად მიზანი ღალატობდათ და გაცილებით
მწობრად მოქმედმა დინამოელებმა გამარჯვებამდე მისვლა დიდი გაჭირვების გარეშე მოახერხეს.
მაქსიმუმი, რაც „ბათუმმა“ შეძლო, ბოლო წუთებზე ჩამორჩენის 5 ქულამდე შემცირება იყო.
საბოლოო ანგარიში 80:70 გახლდათ.

გამარჯვებულებს სერბმა მაქსიმ კოვაჩევიჩმა ულიდერა,
რომელიც 3-დან 3 სამქულიანი ჩააგდო და მთლიანობაში 23 ქულა მოაგროვა. 15-15 ქულა მიითვალეს
მიხეილ ბერიშვილმა და ნოდარ გოგოძემ, ხოლო ებრიუ მაკალპინის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა.
8 ქულა მოაგროვა გიორგი შარაბიძემ, რომელმაც სერიის პირველ მატჩში ცხვირი გაიტეხა და
დღეს დამცავი ნიღბით ითამაშა. ბათუმელთაგან 16 ქულით ბომბარდირი აკაკი დვალიშვილი გახდა,
15 ქულა ბესო ლეჟავას ანგარიშზე დაგროვდა.

სერიის მე-4 შეხვედრა ისევ თბილისის სპორტის ახალ სასახლეში
– 11 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება. 

 მატჩისშემდგომი კომენატრები 
დავით უსტიაშვილი (ბათუმის მთავარი მწვრთნელი): დაძაბული შეხვედრა იყო, დაუზოგავი ბრძოლა მოედანზე, ნახევარფინალებია და რა თქმა უნდა ეს მოსალოდნელია. ამჯერად დინამო დაწინაურდა, შემდეგი თამაში ჩვენთვის გადამწყვეტი თამაშია, რადგან თუ წავაგეთ სერიას ვასრულებთ, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ხვალინდელი შეხვედრა მოვიგოთ. 
ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი): რთული თამაშებია ძალიან, იმიტომ რომ თანაბარი დონის გუნდები ხვდებიან ერთმანეთს პლეიოფებში. აქვე მინდა აღვნიშნო, მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს მსგავსი რამის აღნიშვნა, არ შეიძლება არ აღინიშნოს შრაბიძის გამოსვლა მოედანზე, მოგეხსენებათ მას ტრავმა აქვს. მისი მოთხოვნა იყო, ასე რომ მე უარი ვერ ვუთხარი და ხელს ვერ შევუშლიდი. დიდი მადლობა მას და ასევე მთელ გუნდს, ყველა მოთამაშეს. მოვემზადებით ხვალისთვის. ჯერ ყველაფერი წინ არის.