16-წლამდელ გოგონათა ჩემპიონატი დინამოელთა გამარჯვებით
დასრულდა. ფინალურ მატჩში შოთა იაქაშვილისა და ნინო ყიფშიძის გაწვრთნილმა გუნდმა დაძაბულ
ბრძოლაში – 54:48 დაამარცხა „გორი“ და ჩემპიონი გახდა.
გორელებმა ნახევარფინალში „ახმეტას“ მოუგეს, ხოლო „დინამომ“
„ქუთაისს“ სძლია და შესაბამისად, მესამე ადგილისთვის ნახევარფინალში დამარცხებული გუნდები
შეხვდნენ. მე-3 ადგილისთვის მატჩში ქუთაისელებმა 93:79 დაამარცხეს „ახმეტა“ და ბრინჯაოს
პრიზიორები გახდნენ. მესამე ადგილზე გასული იმერული კლუბის მწვრთნელ-მოთამაშეები მედლებით
და სიგელებით 18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელებმა – ნინო ყიფშიძემ და შოთა იაქაშვილმა
დააჯილდოვეს.
ფინალურ მატჩს რაც შეეხება, ჩემპიონის ვინაობა ბოლო
წუთებამდე გაურკვეველი გახლდათ. გადამწყვეტ მომენტში დინამოელებმა იძალეს და გამარჯვებას
მიაღწიეს. დინამოელებს 18 ქულით ელა მიქიაშვილმა ულიდერა, ხოლო 17 ქულა მარი ოქროპირიძის
ანგარიშზე დაგროვდა.
ნამატჩევს ვერცხლისა და ოქროს პრიზიორი გუნდების წევრები
ვეტერანმა კალათბურთელებმა – ანტონ კაზანჯიანმა და გივი ბიჭიაშვილმა დააჯილდოვეს. ამ
ღვაწლმოსილმა კალათბურთელებმა გადასცეს საჩემპიონო თასი დინამოელთა კაპიტან მარი ოქროპირიძეს.