დიმიტრი ტატიშვილი კალათბურთის შესახებ

დიმიტრი ტატიშვილი კალათბურთის შესახებ

მისი ხმა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას მოსმენილი აქვს და დამახასიათებელი
ტონითა და ტემბრით ათასში გამოარჩევს. კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი ქართულ
ტელესივრცეში გასულ უცხოურ სერიალებსა თუ ფილმებში პერსონაჟებს ახმოვანებს და რიგ ქართულ
სერიალებში თავადაც მონაწილეობს.

ტატიშვილი იყო პირველი სტუმარი გადაცემისა „VS
დავით ქაცარავა“,
რომლის პრემიერა ტელეკომპანია TVS-ზე მომავალ ორშაბათს შედგება და რომლის თემაც აღნიშნულ პიროვნებასთან პროგრამის
სტუმრის გაჯიბრებაა. პირველი გადაცემის თემა კალათბურთი, ხოლო სტუმარი დიმიტრი ტატიშვილი
გახლდათ, რომელიც დავით ქაცარავას სპორტის ამ ლამაზ და აზარტულ სახეობაში გაეჯიბრა.

ტატიშვილს სპორტის სასახლეში, გადაცემა „VS
დავით ქაცარავა“-ს
ჩაწერის შემდეგ გავესაუბრეთ.

კალათბურთი

კალათბურთი ჩემი საყვარელი
სპორტის სახეობაა. ბავშვობიდან გამორჩეულად მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრისგან
გამიგია, ფეხბურთი უფრო რთული სპორტია და ფეხით უფრო რთულია ბურთის კონტროლიო, მე ასე
არ ვფიქრობ. სამაგიეროდ, ხელით ამ ბურთს პატარა ფარში აგდებ, კარი კი გაცილებით დიდია.
გააჩნია, რა კუთხით შეხედავ. ბავშვობიდან ისე მოხდა, რომ კალათბურთს ყველაზე ხშირად
ვთამაშობდი. აქედან გამომდინარე, უფრო დიდი სიამოვნებით ვუყურებ ნბა-ს თამაშებს, ვიდრე,
ვთქვათ, ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში. თუმცა, თუკი ჩვენები თამაშობენ, რა თქმა უნდა,
მათი გულშემატკივარი ვარ. მიმაჩნია, რომ რაც დღევანდელ დღეს ნბა-ში ხდება, სცდება სპორტს, ეს აღარ არის სპორტი,
ეს არის ხელოვნება. ადამიანები გრძნობენ ერთმანეთს ისე, რომ შეხედვაც არ სჭირდებათ,
გრძნობენ ბურთს, სიტუაციას.. ეს ყველაფერი არის ძალიან შთამბეჭდავი, სანახაობრივი და
საინტერესო… მითუმეტეს, რომ ამას აქვს გუნდური ორთაბრძოლის სახე. კალათბურთელი არ
არის მშვილდის მტყორცნელი, რომელიც მარტო დგას J
მთელი გუნდი ერთად თამაშობს, ისინიც, ვინც მოედანზე დგანან და ისინიც, ვინც სათადარიგო
სკამზე სხედან. ეს გუნდურობა და შეკრულობა ძალიან მაგარია. თანაც ყოველთვის ჩანს, რომ
ეს არის ძალიან დიდი შრომის შედეგი და ეს არ მიიღწევა ზარმაცობით, არ მიიღწევა უნიჭობით.
იქ არიან ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ბევრს შრომობენ იმისთვის, რომ მიაღწიონ შედეგს.
შედეგი კი არის წარმოუდგენლად მაგარი, რაც მე ძალიან მომწონს.  ყველას მოვუწოდებ უყურონ კალათბურთს და ჩვენს ბიჭებსაც
აუცილებლად უგულშემატკივრონ.

 

NBA

ნბა-ს
თამაშების შემდეგ ვეღარც ვუყურებ ხოლმე სხვა, თუნდაც,
ევროლიგის მატჩებს. იქ ისეთი რაღაცები ხდება.. ეს არ არის უბრალოდ კალათბურთი და არც
უბრალოდ შოუ. ადამიანებმა ზუსტად იციან თავიანთი საქმე და მიზანს აღწევენ ყველაზე სწორი
გზით – ბევრი შრომით, მონდომებით, საკუთარი პროფესიონალური უნარების სწორად გამოყენებით.
 

ნბა-ში ბევრი გუნდი მომწონს, მათ შორის
‘’მაიამი ჰიტი’’.  ძალიან ვგულშემატკივრობდი
დაბრუნდების შემდეგ კობი ბრაიანტს, თუმცა ვერ თამაშობს ისე, როგორც საჭიროა. კი ამბობდა,
რაც აქამდე არ გამიკეთებია, იმას გავაკეთებო J  ამ კომენტარზე 
შევატყვე, რომ ვერ ითამაშებდა J
J  ჯეიმს ჰარდენიც ძალიან მომწონს. ყველა, თავად ჯეიმს
ჰარდენის გარდა, თვლიდა, რომ ის საშუალო დონის მოთამაშედ იყო დაბადებული. სწორედ ამიტომ
მიაღწია იმას, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ვარსკვლავია.  მაიკლ ჯორდანს ჰკითხეს, კობი ბრაინტი თუ ლებრონ
ჯეიმსიო, ჯორდანმა კევინ დურანტიო J
კობი ბრაიანტი, ლებრონ ჯეიმსი, კევინ დურანტი… ისინი ძალიან დიდები არიან… ეს სპორტი
აღარაა, ეს არის ცხოვრების წესი, ხელოვნება..

  ქართული
კალათბურთი

როცა დრო მაქვს, ტელევიზიით ყოველთვის
ვუყურებ ხოლმე თამაშებს.  ჩვენი ნაკრების გულშემატკივარი
ვარ და პირდაპირ ვიტყვი, მაღალ შედეგს მოვითხოვ და ველოდები. ეროვნულ ჩემპიონატზეც
იმავეს ვიტყვი – თუ ჩვენები ივარჯიშებენ ისეთი პასუხისმგებლობით, როგორც ჭეშმარიტი
პროფესიონალები, აუცილებლად მიაღწევენ სერიოზულ შედეგებს. სამწუხაროდ, ჩემი პროფესიის
და გრაფიკის პატრონი, გადაღებების და სპექტაკლების გამო იშვიათად ვახერხებ სპორტულ
ასპარეზობებზე სიარულს. თუმცა ნაკრების თამაშებს ტელევიზიით მაინც ვუყურებ ხოლმე. 

კალათბურთი მასიური უნდა
გახდეს, ბავშვები მასიურად უნდა მისდევნდენ სპორტს. ასეთ შემთხვევაში, მაგალითად, 10
ბავშვიდან კი არ მოგვიწევს საუკეთესოების ამორჩევა, არამედ 100-დან. უნდა იყოს წრეები,
დარბაზები და ეს არ უნდა ღირდეს ძვირი. ამ ყველაფერს სახელმწიფო უნდა უწყობდეს  ხელს.  ბავშვების
აბსოლუტური უმრავლესობა, ვისაც რაიმე ფიზიკური პრობლემა არ აქვს, აუცილებლად უნდა მისდევდეს
სპორტს. ეს უნდა იყოს ყველაზე ხელმისაწვდომი და პირველი გასართობი ბავშვისთვის. როცა
ქვეყანაში ასეთი სიტუაცია იქნება, გაცილებით მეტ ბავშვს ენდომება პროფესიულ დონეზე
ითამაშოს კალათბურთი, კონკურენცია გაიზრდება, მათგან უკეთესი მოთამაშეები ამოირჩევიან,
უფრო მოინდომებენ და ჩამოყალიბდებიან პროფესიონალებად, რომლებიც კონკურენციას ფართო
ასპარეზზე გაუწევენ სხვებს.  

 

ცხოვრების ჯანსაღი წესი

ყოველთვის
ვვარჯიშობ დილაობით, თუმცა სრული დატვირთვით ვერა, რადგან არ მაქვს საშუალება ისე დავისვენო,როგორც
საჭიროა. ამიტომ ამას  უფრო მოთელვას დავარქმევ.
ვაკეთებ აზიდვებს სხვადასხვა მდგომარეოაბში, ჰანტელებით ვვარჯიშობ. პროფესიიდან გამომდინარე
მჭირდება, რომ ყოველთვის ფორმაში ვიყო, სცენაზე რაც საჭირო იქნება, ყველაფერი გავაკეთო
და გადაღებაზეც  12-16 საათი რომ მომიწიოს ყოფნა,
 ძალა არ გამომელიოს. კალათბურთის თამაშის დროს
ეს არ გამომივიდა. ეს უკვე სხვა დატვირთვაა.

 

მოწოდება
გულშემატკივრებს

გულშემატკივრის გარეშე ძალიან
რთულია. ყველამ უნდა
ვიაროთ კალათბურთზე  ვისაც დრო გვაქვს და ვისაც
გვინდა, რომ ჩვენი სპორტსმენები საერთაშორისო დონეზე იყვნენ მაღალ ეშელონებში. სხვანაირად
არ გამოვა, უნდა ვუგულშემატკივროთ, ცარიელ დარბაზში არავის ეხალისება თამაში.

უნდა ავირჩიოთ ცხოვრების ჯანსაღი წესი.
კიდევ ერთ რამეს დავამატებ, ვინც ერთხელ მაინც გასულა მოედანზე და უთამაშია, ის კომენტირებისას
და აზრის გამოთქმისას უფრო ფრთხილი და წინდახედული იქნება. არ შეიძლება მარტივად და
ხელაღებით შეფასება სპორტსმენების, რადგან მათი საქმე ძალიან რთულია, ისინი ბევრს შრომობენ
შედეგისთვის, ამიტომ მეტად უნდა დავაფასოთ წარმატება, რომელსაც აღწევენ.

 
ფოტო: გიორგი არჯევანიძე