მე-16 ტურის ბოლოსწინა მატჩში ერთმანეთს “დელტა” და “თსუ-ჰიუნდაი” დაუპირისპირდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს გუნდები ცხრილის შუაწელში იყვნენ, დაძაბული და საინტერესო ორთაბრძოლა იყო მოსალოდნელი, თუმცა პირიქით მოხდა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა “დელტამ” საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 90:78.
საბოლოო, 12-ქულიანი სხვაობა არ ასახავს მატჩის რეალურ სურათს. “დელტამ” პირველი პერიოდი 29:11 მოიგო, მეორეში ამ სოლიდურ ლიდერობას კიდევ ერთი ქულა მიამატა. ლაფანაშვილის გუნდი სწრაფადაც თამაშობდა და ზუსტადაც ესროდა. “დელტა” ორივე კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს და ქულებს როგორც კონტრშეტევებით, ისე შორი სროლებით იხვეჭდა. შესაბამისად, “თსუ-ჰიუნდაის” თამაშის შემობრუნების შანსი არ მისცემია და მთელი მატჩის მანძილზე მეტოქეს 20 ქულის ფარგლებში ჩამორჩებოდა.
საბოლოოდ “დელტამ” 15 სამქულიანი ჩააგდო, “თსუ-ჰიუნდაიმ” კი – მხოლოდ 4. ამ სტატისტიკისა და იმის გათვალისწინებით, რომ თსუ-ჰიუნდაელებმა ვერც ფარქვეშ მოიპოვეს უპირატესობა, ნათელი ხდება დაფიქსირებული შედეგის მიზეზი. “დელტამ” მოედნის ყველა რგოლში აჯობა მეტოქეს და დამსახურებულად გაიმარჯვა. ამ მოგებით ლაფანაშვილის გუნდი ოთხეულში შევიდა და დიდი ალბათობით რეგულარულ ჩემპიონატსაც მოწინავე კვარტეტში დაასრულებს.
გამარჯვებულებს 18 ქულით ბექა ბექაურმა ულიდერა. 17 ქულა მიითვალა მალკოლმ დრამრაითმა, ხოლო 14-14 ქულა ოთარ ფხაკაძისა და ერიკ ნოთიჯის ანგარიშზეა. “თსუ-ჰიუნდაიში” 17 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი კორსანტია. 13 ქულა სანდრო სანაძის ანგარიშზე დაგროვდა.
თსუ-ჰიუნდაი – დელტა
სტატისტიკა: 78:90