ოლიმპიურ სასახლეში დღეს დაგეგმილი სუპერლიგის 4 მატჩიდან პირველი დასრულდა. გურჯაანის დელტამ დაძაბულ ბერძოლაში – 91:82 (სტატისტიკა) დაამარცხა ტიტები და მოგებ-წაგებები გაითანაბრა. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილ გურჯაანელებს 8 მოგების წილ 8 მარცხი გააჩნია და ცხრილის შუაში, მე-5 ადგილზე იმყოფება.
გურჯაანელებმა 7-მატჩიანი უიღბლო სერიის შემდეგ რაბილიტაცია მოახდინეს და ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგეს. ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილი ტიტები ცხრილის ქვედა ნახევარშია და უპირველეს მიზნად სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნების გარანტიის მიღება აქვს. ამის მისაღწევად, დღევანდელ მატჩში გამარჯვება ტიტებს ძალიან ხელს წააშველებდა და მიზნის მისაღწევად გუნდმა ყველაფერი გაიღო.
ტიტებმა თამაში შედეგიანად დაიწყო და პირველი პერიოდის ფრედ დასრულების შემდეგ მეტოქეს ჩამორჩა. მეორე ათწუთეულის შუაწელში გურჯაანელთა ლიდერობამ 17 ქულას (!) მიაღწია, რაც ირაკლი ძიძიგურის გუნდის გააზრებული, კომბინირებული თამაშის გამო მოხდა. ტიტები არ გატყდა და თამაშის შემობრუნება მაშინვე დაიწყო. დიდ შესვენებამდე ლეჟავას გუნდმა ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა, ხოლო მესამეში ანგარიშიც გაათანაბრა და 5 ქულითაც დაწინაურდა.
თამაში თანაბარ კალაპოტში ჩადგა და ბოლო წუთებამდე გუნდები ერთმანეთზე გადასწრებით მივიდნენ – ხან ერთი გუნდი დაწინაურდებოდა, ხან – მეორე, ფრეც არაერთხელ დაფიქსირდა. ბოლოს ტიტები საფინალო სირენამდე 7 წუთით ადრე – 73:72 იგებდა, რის შემდეგაც ოთარ ფხაკაძის, ჯონ ვასარისა და ტიკარდო ლინჩის მექულეობით დელტამ გაქცევა მოაწყო. დასრულებამდე 4:30 წუთით ადრე გურჯაანელები 81:73 იგებდნენ, ანუ 3-წუთიანი მონაკვეთი 11:0 გაიქცნენ და ფაქტობრივად მატჩის ბედიც აქ გადაწყვიტეს.
ტიტები შეეცადა და ცოტაც რომ გამართლებოდა, კიდევ ერთხელ შემოაბრუნებდა მატჩს, მაგრამ გუნდის ლიდერებს – სანდრო სანაძეს, კენდრიკ ტომპსონს და აკაკი ლომოურს სროლები აღარ წაუვიდათ და მატჩიც გურჯაანელთა გამარჯვებით დასრულდა. დელტაში 22 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო რიკარდო ლინჩი. 18 ქულა, 7 პასი და 3 ჩაჭრა ფხაკაძემ მოაგროვა, ჯონ ვასარის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა. ტიტები 20 ქულით, 8 პასითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ტომპსონი. სანდრო სანაძემ გუნდს 18 ქულა შესძინა.