“დელტა” ჯერჯერობით პლეი ოფის საუკეთესო გუნდია. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა დელტელებმა “მგზავრებს” ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგეს და პლეი ოფში დაუმარცხებელ სვლას აგრძელებენ. მეოთხედფინალში “დელტამ” 3:0 სძლია “ოლიმპს”, რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასულ “მგზავრებს” კი უკვე 2:0 ამარცხებს.
თუკი გუნშინდელ, სერიის პირველ მატჩში “დელტას” თავიდან” გაუჭირდა და მთელი პირველი ნახევარი აგებდა, დღეს უპირატესობას თავიდანვე დაეპატრონა. ლაფანაშვილის გაწვრთნილი კალათბურთელები გუნდურად და რაც მთავარია, დაცვაში აგრესიულად, ხოლო შეტევაში შედეგიანად თამაშობდნენ. პირველი პერიოდის შემდეგ “მგზავრები” 14:21 ჩამორჩა, დიდი შესვენებისთვის კი დელტელთა ლიდერობა 9 ქულამდე გაიზარდა. ამას ისიც დაერთო, რომ “მგზავრების” ამერიკელმა ლეგიონერმა ჯეიკობ არმსტრონგმა ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.
ვითარება არ შეცვლილა არც მესამე პერიოდში. “დელტა” აგრძელებდა შედეგიანად თავდაცვასა და სწრაფი შეტევებით, ასევე პოზიციური, ფარქვეშა თამაშით ქულების გროვებას და ლაფანაშვილის გუნდის უპირატესობამ ორნიშნა ნიშნულს გადააჭარბა. თამაში დელტელთათვის ხელსაყრელი სცენარით გაგრძელდა და შეხვედრის ბოლომ ისე მოატანა, თამაში არ დაძაბულა. “დელტა” ლიდერის ამპლუაში იოლად მივიდა ბოლო წამებამდე და საბოლოოდ წინა მატჩის მსგავსად კვლავ 8 ქულით – 75:67 იმარჯვა.
გამარჯვებულთაგან 25 ქულით საუკეთესო იყო ოთარ ფხაკაძე, რომელმაც 7-დან 7 ორქულიანი ჩააგდო. 14 ქულა და 10 მოხსნა ბექა ბექაურის ანგარიშზეა. “მგზავრებში” უმეტესი – 15 ქულა ადრიან ბოუიმ მოაგროვა, 11 ქულა კი ტრავმის გამო მოედანზე მხოლოდ 9 წუთით მყოფმა ჯეიკობ არმსტრონგმა მიითვალა.
მეოთხედფინალური სერიის მომდევნო მატჩი 17 მაისს გაიმართება.
მგზავრები – დელტა
სტატისტიკა: 67:75