დებიუტანტმა “მარნეულმა” მოქმედი ჩემპიონი “დინამო” დაამარცხა

დებიუტანტმა “მარნეულმა” მოქმედი ჩემპიონი “დინამო” დაამარცხა

სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი “დინამოს” კრიზისი გრძელდება. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე, 2018 წელში გამარჯვება ვერ მოიპოვა. დინამოელებმა დღეს სუპერლიგის დებიუტანტ მარნეულის “დელტასთანაც” წააგეს და მიმდინარე ჩემპიონატში წარუმატებელი სერია 4 მატჩამდე გაზარდეს. მოქმედი ჩემპიონი 2018 წლის მატჩები მგზავრებთან, ბათუმთან, ოლიმპთან და დღეს მარნეულთან წააგო.

გამარჯვებულის ვინაობა დამატებით დროში გაირკვა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ძირითადად “მარნეული” ლიდერობდა, თუმცა დინამოელები არ რჩებოდნენ და ბოლო პერიოდში 8-ქულიანი ჩამორჩენაც აღმოფხვრეს და კაილ ტურპინის 2-ქულიანით თამაში ოვერტაიმშიც გადავიდა. 

ექსტრახუთწუთეულში “დელტას” მოთამაშეები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. ნიკოლას ნილის სამქულიანებითა და დეანდრე რეის შედეგიანობით მარნეულელებმა საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს და მიმდინარე სეზონში მე-4 ამარჯვება გაიფორმეს – 100:92.

გამარჯვებულებს 26 ქულით ნიკოლას ნილმა ულიდერა. 20 ქულა მოაგროვა დეანდრე რეიმ, ხოლო ტაილერ ალდერმანმა მარნეულელებს 17 ქულა და 10 მოხსნა შესძინა. “დინამოში” საუკეთესო იყო ილია ლონდარიძე, რომლის ანგარიშზეც 20 ქულა დაგროვდა. ნოდარ გოგოძესა და ლაველ ბოიდის ანგარიშზე კი 19-19 ქულა დაგროვდა.

სუპერლიგის მომდევნო მატჩი 26 იანვარს რუსთავში გაიმართება, სადაც სათამაშოდ “ოლიმპი” ჩავა.

მარნეული – დინამო
სტატისტიკა: 100:92

ირაკლი ხოშტარია, “დინამოს” მთავარი მწვრთნელი: 

“ძალიან ბევრი შეცდომა გვქონდა, ზოგადად, ბოლო თამაშებზე და არამარტო ახლა. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ამ შეცდომების გამოსწორება. იმედია, მომდევნო თამაშისთვის სათანადოდ მოვემზადებით და ნორმალურ შედეგს ვაჩვენებთ”.

თემურ კანკია, “მარნეულის” მთავარი მწვრთნელი:

“ბიჭებმა იბრძოლეს ბოლომდე. ირწმუნეს საკუთარი ძალების და დამსახურებულად გაიმარჯვეს. დინამოს აქვს გარკვეული საკადრო ცვლილებები, მაგრამ ეს სულაც არ აკნინწბს ჩვენს გამარჯვებას”.