დაძაბულ ბრძოლაში სოხუმმა მგზავრებს ქულით აჯობა

დაძაბულ ბრძოლაში სოხუმმა მგზავრებს ქულით აჯობა

 სტატისტიკა  გალერეამე-20 ტური სანახაობრივი თამაშით დასრულდა. „სოხუმისა“
და „მგზავრების“ მატჩში ბევრი ბურთი არ ჩავარდნილა, თუმცა დაძაბულობა ახლდა ისეთი,
იშვიათად რომ ნახავთ სუპერლიგაში და ზოგადად, კალათბურთში. თუკი რომელიმე მატჩს შეიძლება
ეწოდოს თანაბარი, უპირველესად ამ შეხვედრას, რომელშიც ლიდერი 18-ჯერ შეიცვალა, ფრე
კი 11-ჯერ დაფიქსირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბუბა ბერიშვილის გუნდი ცხრილში
გვარიანად დაბლა იყო „სოხუმზე“, თამაშს დაძაბულობა 1 წამითაც არ მოჰკლებია და ვინც
„მგზავრების“ გატეხვას ელოდა, ამაოდ მოუწია ცდა. თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე  „მგზავრები“ 5 ქულით – 62:57 იგებდნენ, თუმცა სოხუმელებმა
კარგი დაცვის ხარჯზე მოახერხეს თამაშის გადარჩენა. ლევან ფაცაციამ ეგრედ წოდებული ენდვანით
სოხუმელთა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეკვეცა, ხოლო ამერიკელმა ფილიპ მილერმა მატჩის დასრულებამდე
1 წუთით ადრე მგზავრებს ბურთი ჩაუჭრა და მასზე კახა ჯინჭარაძე არასპორტულად დაჯარიმდა.

მილერმა 1 სროლა ჩააგდო და დეფიციტი მინიმუმამდე შეამცირა.
არასპორტული ჯარიმის გამო ბურთი სოხუმელებს დარჩათ და ფაცაციას აცილებული ტანმაღალმა
სერგო ათუაშვილმა მოხსნა, რომლის 2-ქულიანმაც ვაჟა კვარაცხელიას გუნდი საფინალო სირენამდე
20 წამით ადრე 63:62 დააწინაურა. „მგზავრებმა“ შეტევა წუთ-შესვენებაზე დაგეგმეს და
კომბინაცია წარმატებით კაჰიმ რენსომმა დააგვირგვინა, რომელმაც მატჩის დასრულებამდე
12 წამით ადრე ზუსტი გარღვევით „მგზავრები“ კვლავ დააწინაურა – 64:63.

ახლა სოხუმელთა წუთშესვენების და გადამწყვეტი შეტევის
დაგეგმვის ჯერი დადგა, რასაც ვაჟა კვარაცხელიამ და მისმა გუნდმა თავი კარგად გაართვეს.
მირთი ფაცაციამ მიიღო, რომელმაც მილერს უპასა და ამ უკანასკნელმა ინდივიდუალური ტექნიკისა
და ზუსტი საშუალო სროლის წყალობით სოხუმელთა დამაწინაურებელი ორქულიანი ჩააგდო –
65:64.

ისევ წუთშესვენება, „მგზავრების“ კომბინაცია და ამერიკელი
კენდალ უილიამსის საფინალო სირენის თანხლებით ნასროლი შორეული ორქულიანი, რომელიც კალათზე
დატრიალდა, თუმცა ბადეში არ გაეხვა. „სოხუმმა“ 1 ქულით იმარჯვა და „ბათუმსა“ და „ქუთაისს“
2-4 ადგილებზე შეუწყვილდა.

გამარჯვებულებს 20 ქულითა და 13 მოხსნით სერგო ათუაშვილმა
ულიდერა. 15 ქულა და 8 პასი მიითვალა ლევან ფაცაციამ, ხოლო მილერის ანგარიშზეც 15 ქულა
დაგროვდა. „მგზავრებში“ 14 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა რეჯი მერფის, 14 ქულა მიითვალა
კახა ჯინჭარაძემაც, ხოლო ავთო ლომინაშვილმა შეხვედრა 10 ქულა – 14 მოხსნით დაასრულა.

სუპერლიგის 21-ე ტური 11 და
12 მარტს – ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.