სუპერლიგის მე-18 ტურის მატჩს უმასპინძლა დღეს ბათუმმა, სადაც სათამაშოდ ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი “რუსთავი” ჩავიდა. გუშინ, “დინამოს” “ქუთაისთან” მარცხის შემდეგ რუსთაველები მეორე ადგილს ერთპიროვნულად დაეპატრონნენ და დღეს, ამ პოზიციის შესანარჩუნებლად მხოლოდ მოგება ესაჭიროებოდათ. ქვემოქართლელებმა მიზანს მიაღწიეს, “ბათუმი” 78:72 დაამარცხეს და მეორე ადგილზე გამაგრდნენ.
მატჩის ბედი ბოლო წუთებამდე გაურკვეველი იყო. პირველ ტაიმში მოლიდერე რუსთაველებს ბათუმელებმა მესამე პერიოდში 10-ქულიანი ჩამორჩენა გაუბათილეს და ბოლო მეოთხედის დაწყების წინ ქულითაც დაწინაურდნენ. გუნდები ბოლო წუთებამდე თანაბრად მივიდნენ და შეხვედრის ბედიც დასკვნით ეპიზოდში გადაწყდა. ადამ ბლეიზეკისა და ტაირელ ნელსონის შედეგიან თამაშს მასპინძლებმა ვერ უპასუხეს და “რუსთავმა” საბოლოოდ 78:72 გაიმარჯვა.
20 ქულითა და 13 მოხსნით რუსთაველთაგან საუკეთესო იყო ტაირელ ნელსონი. 22 ქულა და 6 პასი მიითვალა ადამ ბლეიზეკმა, ქვემოქართლელთა კიდევ ერთმა ლეგიონერმა – ბრაიან ბერნარდიმ შეხვედრა 17 ქულით დაასრულა. “ბათუმში” 17 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა სპენსერ კოლინსის ანგარიშზეა. 14-14 ქულა ერიკ ჩილდრესმა და სტეფან ანდრეიევიჩმა დააგროვეს.
სუპერლიგის მორიგი, მე-19 ტურის მატჩები 17 თებერვალს, თბილისსა და რუსთავში გაიმართება.
ბათუმი – რუსთავი
სტატისტიკა: 72:78