დასრულდა სუპერლიგის მე-15 ტურის კიდევ ერთი მატჩი, რომელსაც აჭარის დედაქალაქმა უმასპინძლა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა “ბათუმმა” “თსუ-ჰიუნდაის” უმასპინძლა და ჰაერივით საჭირო გამარჯვება მოიპოვა – 82:71.
ბათუმელები 3 ტურის წინ ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე იყვნენ და სუპერლიგიდან გავარდნის სერიოზული საფრთხე ემუქრებოდათ, თუმცა ბოლო 2 მატჩი მოიგეს და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს. გასულ კვირას “დელტას”, ხოლო დღეს “თსუ-ჰიუნდაის” დამარცხებით “ბათუმი” მე-7 ადგილზე აღზევდა და კონკურენტ “კაკტუსს” ორით, ხოლო “ტიტებს” ქულით უსწრებს.
დღევანდელ მატჩში სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ფავორიტად “თსუ-ჰიუნდაი” ითვლებოდა, თუმცა ეს თამაშმა ვერ გამოაჩინა. ბათუმელებმა თავიდანვე რომ მოიპოვეს ლიდერობა, მთელი თამაში თავს კომფორტულად გრძნობდნენ და საბოლოოდ დამაჯერებლად გაიმარჯვეს კიდეც.
არადა, “ბათუმს” ხუთეულის 2 წევრი – ნოდარ გოგოძე და დეიან იეფტიჩი აკლდა. თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იყო კეისი შეპარდი, რომელმაც 28 ქულა, 7 პასი, 6 ჩაჭრა და 5 მოხსნა მოაგროვა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 40-ს უწია, რაც მიმდინარე სეზონის მეორე საუკეთესო შედეგია ოლიმპელი მარკ ოგდენის (46) შემდეგ. 19 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა სტეფან ანდრეიევიჩმა, 11 ქულა და 10 მოხსნა კი ლევან ელიაძის ანგარიშზეა. “თსუ-ჰიუნდაიში” 18 ქულა მიითვალა მარკუს პოზლიმ, 16 – ვიკტორ ნიკერსონმა, ხოლო გიორგი კორსანტიას ანგარიშზე 7 ქულა და 17 მოხსნა დაგროვდა.
მე-15 ტურის უკანასკნელი შეხვედრა 29 მარტს გაიმართება: “რუსთავი” “მგზავრებს” უმასპინძლებს.
ბათუმი – თსუ-ჰიუნდაი
სტატიტიკა: 82:71
ფოტო: ბათუმი სპორტ news