ბათუმმა რუსთავს ბოლო წუთებზე აჯობა

ბათუმმა რუსთავს ბოლო წუთებზე აჯობა

 სტატისტიკა  გალერეასუპერლიგის მე-11 ტურის დღევანდელი თამაშები საინტერესო
შეხვედრით დაიწყო. „რუსთავმა“ თბილისის ახალ სპორტის სასახლეში უმასპინძლა „ბათუმს“
და ბოლო წუთებზე დამარცხდა – 65:75. ამ ტურის 1 მატჩი, „ქუთაისი“ – „სოხუმი“ 8 დეკემბერს
გაიმართა და შესაბამისად, ამ გუნდების გარდა დღეს ახალ სპორტის სასახლეში ყველა გუნდი
ითამაშებს.

„რუსთავი“ დიდი დანაკლისით შეხვდა ბათუმელებთან მატჩს.
მიხეილ ბერუაშვილის გუნდს ერთ-ერთი ლიდერი ნიკოლა გაჩეშა აკლდა, რომელსაც ანგინა აქვს.
რუსთაველებს გამოაკლდათ უკანახაზელი ბექა წივწივაძე, რომელიც „ვითაში“ გადავიდა. მიუხედავად
სერიოზული დანაკლისისა, რუსთაველებს დღევანდელი თამაშის მოგების რეალური შანსი ჰქონდათ.

ქვემოქართლელებმა თამაში შედეგიანად დაიწყეს და
10:1 დაწინაურდნენ. მეორე პერიოდის შუაწელში ქვემოქართლელთა ლიდერობამ 12 ქულას
(36:24) მიაღწია, თუმცა უკრაინელი ლეგიონერის, ლეონიდ სტეპანიშინის შედეგიანობით ბათუმელებმა
ჩამორჩენა შეამცირეს და დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი დეფიციტით გავიდნენ – 36:39.

მესამე პერიოდში ბათუმელებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს.
მართალია, დასაწყისში რუსთაველებმა ოდნავ გაზარდეს უპირატესობა (42:36), თუმცა შემდეგ
ბათუმელების დრო დადგა და ბესო ლეჟავას, აკაკი დვალიშვილის და სტეპანიშინის ქულებით
სტუმრებმა ლიდერობა მოიპოვეს და მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 3-6 ქულით ნიადაგ
ლიდერობდნენ.

საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე რუსთაველებმა მიხეილ
ჭოჭუასა და გიორგი გამყრელიძის აქტიურობით ანგარიში გაათანაბრეს – 65:65, თუმცა ეს
იყო ქვემოქართლელთა მაქსიმუმი. ბოლო 2 წუთში ბათუმელებმა მეტო მობილიზებით ითამაშეს
და 10:0 მოგებული მონაკვეთის შემდეგ შეხვედრა 75:65 მოიგეს. საკვანძო გამოდგა ის ტექნიკური
ჯარიმა, რომელიც რუსთაველებს მსაჯებმა მისცეს. ქვემო ქართლური გუნდის წევრებმა ჩათვალეს,
რომ მსაჯმა მათი მოთამაშე დაუმსახურებლად დააჯარიმა, რასაც რუსთაველების მწვავე რეაქცია
და მსაჯისგან ტექნიკური მოჰყვა. ბათუმელებმა საჯარიმოები ჩააგდეს და ბონუს-შეტევაც
შედეგიანად დააგვირგვინეს, რითაც მატჩის ბედი გადაწყვიტეს.

გამარჯვებულებს 17-17 ქულით ლეონიდ სტეპანიშინმა და
აკაკი დვალიშვილმა ულიდერეს. ამ უკანასკნელმა 12 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი
გაიფორმა. 10 ქულა დააგროვა ბესო ლეჟავამ, იგორ კრივცოვის ანგარიშზე კი 8 ქულა და
13 მოხსნა დაგროვდა. „რუსთავში“ 14 ქულით და 13 მოხსნით საუკეთესო იყო კაელ ტურპინი. 

 

დავით უსტიაშვილი, „ბათუმის მთავარი მწვრთნელი: „საკმაოდ რთული თამაში მოვიგეთ. მიუხედავად იმისა, რომ
რუსთაველებს გუნდის ლიდერი სერბი ლეგიონერი აკლდათ, საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშეს
და რომ არა ჩვენი ბიჭების სიმარჯვე, წაგება არ აგვცდებოდა. ბესო ლეჟავა უვარჯიშებელი
იყო. მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და დღეს სათანადო ფორმაში ვერ იყო. მომავალი მატჩისთვის
მზადებას, რომელშიც „აკადემიას“ ვხვდებით, ხვალიდან დავიწყებთ“.

მიხეილ ბერუაშვილი, „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი: „პირდაპირ ვიტყვი ერთ რამეს, მსაჯების უხეშმა შეცდომამ
პირდაპირი გავლენა იქონია მატჩის შედეგზე. დღევანდელ მატჩს სერიოზული დანაკლისით შევხვდით.
ნიკოლა გაჩეშა სიცხიანია, ხოლო ბექა წივწივაძემ დაგვტოვა და „ვითაში“ გადავიდა“.