ბათუმმა ქუთაისში ბოლო წამზე იმარჯვა

ბათუმმა ქუთაისში ბოლო წამზე იმარჯვა

 სტატისტიკა სუპერლიგის მე-13, ხოლო მიმდინარე წლის ბოლო ტური დღეს
ქუთაისში ლიდერთა მატჩით გაიხსნა. იმერეთის მთავარ ქალაქში სუპერლიგის ცხრილის მოლიდერე
სამეულიდან 2 გუნდი – „ქუთაისი“ და „ბათუმი“ შეხვდა. ამ მატჩის გამარჯვებუი მინიმუმ
1 დღე ერთპიროვნულ ლიდერობას მოიპოვებდა, ხოლო ახალ, 2016 წელს ლიდერის რანგში შეხვდებოდა.

ამ გუნდების პირველი წრის მატჩი ბათუმში მასპინძლებმა
მოიგეს – 66:62. დაძაბული გამოდგა დღეს, ქუთაისში ჩატარებული შეხვედრაც, რომელიც ისევ
ბათუმელებმა, დრამატულ ფინალში 1 ქულის სხვაობით – 74:73 მოიგეს.

სტუმრებმა თამაში შედეგიანად დაიწყეს. უფრო ზუსტად,
ბათუმელთა გამთამაშებელ ნიკა რამიშვილს აღმოაჩნდა ბასრი მიზანი და მან საწყის 2:30
წუთში ზედიზედ 3 სამქულიანი ჩააგდო. სამიანები მიითვალეს რამიშვილის ნაცვლად მოედანზე
გამოსულმა ირაკლი მიქელაძემ და ირაკლი მაისურაძემ, რის შემდეგაც აჭარულმა გუნდმა საწყისი
პერიოდი დამაჯერებლად – 29:21 მოიგო.

მასპინძლებმა ჩამორჩენა მეორე მეოთხედშივე გააბათილეს.
ამერიკელი ტრეი ბრიტონის, რიჩარდ მათიაშვილის, ზაურ ფაშაევსა და ქუთაისელთა გუნდის
სხვა კალათბურთელების აქტიურობით მეორე პერიოდი იმერულმა კლუბმა 22:11 მოიგო და დიდ
შესვენებაზე 3-ქულიანი ლიდერობით გავიდა.

მესამე პერიოდში თამაში გათანაბრდა და ქულა-ქულაში მიდიოდა,
თუმცა დასკვნით მეოთხედში ქუთაისეებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს და გამარჯვებასთანაც
ახლოს იყვნენ. ცეკვავას და ფაშაევის სამქულიანებით მასპინძლები 67:60 დაწინაურდნენ,
ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე წინ 9 ქულით გავიდნენ – 71:62.

გამარჯვებამდე მასპინძლებს 2-3 წუთის უშეცდომოდ თამაში
მართებდათ, თუმცა აკკი დვალიშვილის, ბესო ლეჟავას და ირაკლი მაისურაძის შედეგიანობას
ქუთაისელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს. მაისურაძის სამქულიანით ბათუმელებმა ჩამორჩენა
4 ქულამდე შეკვეცეს – 69:73. ამას დაერთო დავით უსტიაშვილის გაწვრთნილი ბათუმელების
კარგი დაცვითი თამაში და ჯერ დვალიშვილმა ორქულიანი მიითვალა, შემდეგ ლეჟავამ გარღვევა
ზუსტად დააგვირგვინა და შეხვედრის დასრულებამდე 28 წამით ადრე ანგარიში გათანაბრდა
– 73:73.

ქუთაისელებმა შეტევა ბოლომდე გათამაშეს და ზაურ ფაშაევს
დვალიშვილმა დაუფარა. ბურთი ბათუმელებმა მოხსნეს და ყველაფერი ოვერტაიმისკენ წავიდა,
თუმცა ქუთაისელი გიორგი ბარბაქაძე მიქელაძეზე დაჯარიმდა. მასპინძლებმა ბევრი აპროტესტეს,
ბოლო წამზე მოედნის ცენტრში როდის ვინ დაუჯარიმებიათო, თუმცა დავით ბერეკაშვილი შეუვალი
იყო.

მიქელაძემ პირველი საჯარიმო ჩააგდო, „ბათუმი“ 74:73
დააწინაურა, მეორე კი განზრახ ააცილა და დროც ამოიწურა. აჭარულ გუნდს 18 ქულით დვალიშვილმა
ულიდერა, 17 ქულა კი ნიკა რამიშვილის ანგარიშზეა. ქუთაისელებში 20 ქულით მათიაშვილი
გამოირჩა, გოგა ცეკვავამ კი ორმაგი დუბლი – 13 ქულა და 10 პასი მოაგროვა.

„ბათუმი“ გალიდერდა, ხოლო მისი
კონკურენტი „დინამო“ ხვალ „ოლიმპს“ ეთამაშება. ხვალვე თბილისის ახალ სპორტის სასახლეში
გაიმართება მე-13 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა. 

ქუთაისი – ბათუმი  73:74

მატჩისშემდგომი
კომენტარები

დავით უსტიაშვილი
(„ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): „საკმაოდ დაძაბული თამაში იყო. ველოდებოდით
კიდეც ამას, რადგან ქუთაისის გუნდი ძლიერია. შეხვედრის განმავლობაში ხშირად ვუსწრებდით
მეტოქეს, მაგრამ  ბოლოსკენ ვაგებდით, თუმცა
შევძელით თამაშის შემობრუნება. მეტად საჭირო გამარჯვება ვიზეიმეთ. რაც შეეხება ჩვენი
გუნდის მიერ ჩატარებულ 13 მატჩს, კარგი თამაშებიც გვქონდა და ჩავარდნებიც.. პირველი
წელია, რომ ასეთი მჭიდრო კალენდარი გვაქვს. ეს ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, მაგრამ
საბოლოო ჯამში ჩვენს კალათბურთს წაადგება“

კოტე ტუღუში („ქუთაისი 2010“-ს მთავარი მწვრთნელი): „საერთოდ, როგორც წესი, არ
ვაკეთებ მსაჯობაზე კომენტარს, მაგრამ სწორედ მსაჯის უხეში შეცდომა იყო, რომელმაც მატჩის
ბედი გადაწყვიტა. მიუხედავად ამისა, საშინაო შეხვედრაში ასე ცუდად არ უნდა გვეთამაშა.
პირდაპირ სენი გახდა ჩვენთვის საჯარიმო სროლები, ბევრს ვაცილებთ და ეს ძალიან ძვირად
გვიჯდება. სამწუხაროა, რომ წლის ბოლო მატჩში დავმარცხდით, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ
სეზონის ბოლო მატჩში გამარჯვებულები ვიქნებით. სწორედ  ასეთმა მარცხმა უნდა დაგვაყენოს სწორ გზაზე.“