საკალათბურთო სუპერლიგის მეორე ფინალისტს სერიის მე-5, გადამწყვეტი მატჩი გამოავლენს. ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩში კოტე ტუღუშის გაწვრთნილი “ქუთაისი” ბუბა ბერიშვილის “ბათუმს” დაუპირისპირდება. ამ გუნდებმა სერიის ორ-ორი, საშინაო მატჩები მოიგეს და საქმე ერთ შეხვედრამდე მივიდა, რომლის გამარჯვებულიც ფინალში გუშინ გასულ “ოლიმპს” შეუერთდება.
რეგიონული სერიის მე-4 მატჩი ვერ გამოდგა ისეთი საინტერესო და დაძაბული, როგორც მისი წინამორბედები. შეგახსენებთ, რომ სერიის პირველი და მეორე მატჩებში, რომლებსაც ქუთაისმა უმასპინძლა, გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი გახდა საჭირო. პირველ მატჩში სულაც ორჯერ დაინიშნა დამატებითი 5-წუთეული. ორივე შეხვედრა მასპინძელი ქუთაისელების გამარჯვებით დასრულდა და სერიამ ბათუმში გადაინაცვლა, სადაც უკვე ზღვისპირელებმა მოიგეს 2 შეხვედრა და სერია გაათანაბრეს. პირველი ბათუმური მატჩი ძალიან დაძაბულ ბრძოლაში – 79:77 დასრულდა, დღევანდელ შეხვედრაში კი მასპინძლებმა საკმაოდ დამაჯერებლად – 78:68 (სტატისტიკა) სძლიეს ქუთაისელებს.
შეხვედრის განმავლობაში ბათუმელებს პრობლემები არ შეჰქმნიათ. თუკი პირველ ნახევარში მასპინძლები მცირედით – 4-8 წულით იგებდნენ, მეორე ტაიმში ხელჩასაჭიდ ლიდერობას მიაღწიეს. ბერიშვილის გუნდის უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა და ერთ ეპიზოდში 17-საც მიაღწია. ბოლო პერიოდის წინ ქუთაისელებს წარმატების შანსი შერჩენოდათ, რადგან 12 ქულას აგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა გამართული ტაქტიკისა და სიზუსტის წყალობით ქუთაისელებს წარმატების შანსი აღარ მისცეს და საბოლოოდ სასურველ შედეგს მიაღწიეს.
გამარჯვებულთაგან 21 ქულითა და 6 პასით საუკეთესო იყო კაილი რიდლი. 14 მოხსნა, 6 ქულა და 4 დაფარება ბექა ბექაურმა მიითვალა, 14 ქულა სპენსერ კოლინსის ანგარიშზეა. ქუთაისელთაგან 16 ქულითა და 8 მოხსნით გიორგი კორსანტია გამოირჩა. 12 ქულა სტივენ ფლეჯერმა მოაგროვა, ხოლო 10 ქულა ოთარ ფხაკაძის ანგარიშზე დაგროვდა.