სტატისტიკა
სუპერლიგის პირველი
წრის ბოლო ტურის შეხვედრა გაიმართა ბათუმში, სადაც სათამაშოდ წინა ტურის გმირი „ოლიმპი“
ჩავიდა. გია კაზანჯიანის გუნდს ჰქონდა მცდელობა, მაგრამ სენსაცია ვერ გაიმეორა. მასპინძლებმა
მესამე პერიოდში გატეხეს თბილისელთა წინააღმდეგობა და საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობით
– 90:76 იმარჯვეს.
„ოლიმპმა“ წინა
ტურში თბილისში ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი „რუსთავი“ დაამარცხა. კაზანჯიანის გუნდმა
როგორც იქნა გატეხა ნავსი და წინა მატჩებში წაგებების შემდეგ ძლიერი მეტოქის ძლევით იმიჯი ერთიორად
გაიუმჯობესა.
ბათუმშიც ღირსეულად
იბრძოლეს ოლიმპელებმა, სადაც მეტოქედ „რუსთავზე“ არანაკლებ ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდათ.
პირველი პერიოდის 19:26 წაგების მიუხედავად თბილისელებმა შეძლეს თამაშის დალაგება და
მეორე მეოთხედი 1 ქულით მოიგეს. შესაბამისად, დიდი შესვენებისთვის ოლიმპელები მხოლოდ
6 ქულით ჩამორჩებოდნენ და ყველაფერი წინ ჰქონდათ.
3 ლეგიონერით
გაძლიერებულმა „ბათუმმა“ ამერიკელი მოთამაშეების შედეგიანობის ხარჯზე მესამე პერიოდში
უპირატესობა მოიპოვა და ათწუთეულის 22:10 მოგების შემდეგ „ოლიმპის“ წინააღმდეგობა დაძლია.
მაქსიმუმი, რაც კაზანჯიანის გუნდმა ბოლო პერიოდში მოახერხა, ჩამორჩენის 8 ქულამდე შემცირება
იყო.
„ბათუმს“ ტრადიციულად
ბიჯეი იანგმა ულიდერა, რომელმაც ამჯერად 31 ქულა დააგროვა. კრისტოფერ ფელჩერმა ზღვისპირელებს
20 ქულა და 16 მოხსნა შესძინა, ირაკლი მიქელაძის ანგარიშზე კი 16 ქულა და 8 პასი დაგროვდა.
ოლიმპელთაგან 30 ქულით თავი ნოდარ გოგოძემ გამოიჩინა, კახა ტომარაძის ანგარიშზე კი
16 ქულა დაგროვდა.
სუპერლიგის პირველი
წრის ბოლო ტურის მორიგი მატჩი დღეს, მოგვიანებით, ქუთაისში გაიმართება, სადაც ჩემპიონატის
ლიდერი „შსს-აკადემია“ ითამაშებს.
მატჩისშემდგომი კომენტარები
მიხეილ კობეშავიძე(,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი): რაც
მთავარია, მოვიგეთ და მადლობას ვეტყვი ბიჭებს ამისთვის. თუმცა, თამაშით კმაყოფილი არ
ვარ, შეგვეძლო უკეთ გვეასპარეზა. იმედია თანდათან უფრო შევთამაშდებით.
გია კაზანჯიანი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი):
ძალიან ცუდად ვითამაშეთ, განსაკუთრებით მესამე მეოთხედში გვქონდა ჩავარდა. სროლები
არ წაგვივიდა, 3-ქულიანებში 22% გვაქვს, რაც დაბალი შედეგია. გამოუცდელობამ თავი იჩინა
და ბევრი მარტივი ბურთი ვერ ჩავაგდეთ ვერც პერიმეტრიდან და ვერც ფარქვეშიდან. თუმცა,
ბოლო პერიოდში ბიჭებმა გამოასწორეს თამაში, ბოლომდე იბრძოლეს და ამიტომ უკმაყოფილო
არ ვარ.